Search

ხელოვნების ფსიქოლოგია



ხელოვნების ფსიქოლოგიის თეორიული თუ მეთოდოლოგიური პრინცი პების განხილვამდე უნდა განისაზღვროს ზოგადად კულტურისა და კულტუროლოგიის რაობა. ტერმინი “კულტურა” XVIII საუკუნის ევროპაში შემოვიდა ხმარებაში; ტერმინი მხოლოდ სოციალური ეთიკის წესებსა თუ პიროვნების თვითსრულყოფის პრობლემატიკას უკავშირდებოდა და ჰუმანისტური აღზრდა - განათლების კონტექსტში გამოიყენებოდა. თანამედროვე გაგებით, კულტურა კაცობრიობის მიერ მისი არსებობის მანძილზე შემუშავებული ობიექტების, მოდელების, ეტალონებისა და პარადიგმების ერთიანობაა.


ჰერმენევტიკას კულტურა ესმის, როგორც ცივილიზაციის ან კაცობრიობის გლობალური ისტორიული გამოცდილება. როგორც შემოქმედებასთან დაკავშირებული რეფლექსური მოდელი ან კაცობრიობის თვითშეცნობა, თვითასახვა შემოქმედების პროცესში. ასევე, როგორც ადამიანური რესურსების რეალიზება და გარე სამყაროში პროეცირება; ადამიანური შესაძლებლობების “გარეთ გატანა” და გასაგნება. შესაბამისად, კულტურის ინტერპრეტაცია განსხვავებული (ისტორიული, ეთნიკური, პიროვნული) დისპოზიციების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. თეორიული და მეთოდოლოგური პრინცი პების მიხედვით, ხელოვნების ფსიქოლოგია სოციო-ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიასა და ჰერმენევტიკასთან კავშირდება.


როგორც სოციალურ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, ასევე ხელოვნების ფსიქოლოგიის შესწავლის ობიექტს კულტურის პროდუქტი შეადგენს; ხელოვნების ფსიქოლოგიის შემთხვევაში ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია. ხელოვნების ფსიქოლოგიის შემთხვევაში _ ხელოვნების კრეატორსა და რეციპიენტს.


ამას გარდა, ხელოვნების ფსიქოლოგიასა და სოციო-ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში შეისწავლება ინდივიდთა შორის სოციო-კულტურულო კავშირები, მიმართებები, ინტენციები და რეფლექსიები; მათ შორის იდენტიფიკაციური, ასიმილაციური თუ კორელაციური პროცესები თანამედროვე ჰერმენევტიკა, როგორც კულტურული ტექსტის აზრისა და მნიშვნელობის გაგება _ ინტერპრეტაციის ხელოვნება, აქტიურად ურთიერთქმედებს და თანამშრომლობს არა მხოლოდ ხელოვნების ფსიქოლოგიასთან, არამედ სოციალურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოფიზილოგასთანაც.


ხელოვნების გაგებისა და ინტერპრეტაციის პროცესში ხელოვნების ფსიქოლოგია ხელმძღვანელობს ინდივიდუალური და კოლექტიური ფსიქოლოგიური ფენომენებით; სწორედ მათ საფუძველზე ცდილობს კულტურული ტექსტის აღწერას, ახსნასა და გაგებას.


სახელწოდება `ფსიქოლოგია~ მეცნიერების ინტერესის ფოკუსსა და კვლევის ობიექტს ააშკარავებს: _ ეს ფსიქეა ანუ როგორც კონკრეტული ადამიანის შინაგანი, ფსიქოლოგიური თავისებურებები და კანონზომიერებები, ასევე საკაცობრიო, ზოგადი მენტალობა. (ძვ. ბერძნ. `ფსიქე~ _ სული, `ლოგოს~ _ სწავლება, მოძღვრება, მეცნიერება)


(1). ფსიქოლოგიის ამოსავალი წერტილი ადამიანია _ ადამიანია ის ბაზისი და ფუნდამენტი, რომლისგანაც ამოდის ფსიქოლოგი და რომელსაც მუდმივად უბრუნდება. `სულის მეცნიერებისთვის~ არსობრივადაა დამახასიათებელი ანთროპოცენტრიზმი ანუ ფოკუსირება ადამიანის ფსიქიკურ სიღრმეებზე; მის განცდებსა და აზრებზე, სურვილებსა და შიშებზე, წარმოსახვასა და აზროვნებაზე... როგორც პიროვნულ ფსიქო-ბიოგრაფიაზე, ასევე მთელი


კაცობრიობის მენტალურ სულიერ საცავზე. ვ. დილთაი ფსიქოლოგიას გამორჩეულ, უნიკალურ ფუნქციას აკისრებდა, აღიარებდა რა მას ჰუმანიტარულ დისციპლინათა ზოგად მეთოდოლოგიად. ასევე, ო. კიულპეს მიხედვით, ესთეტიკა მის საფუძვლად არსებულ ფსიქოლოგიასთან საწყისეულ, იმანენტურ და განუყოფელ კავშირში იმყოფება. ლ. ვიგოტსკი, ლიპსთან ერთად მიიჩნევს, რომ ესთეტიკა გამოყენებითი ფსიქოლოგიის კერძო დისციპლინაა და ხელოვნების ესთეტიკური განხილვა სოციალურსა და ფსიქოლოგიურ ექსპლიკაცია-ახსნას უცილობლად გულისხმობს. ავტორი დასძენს, რომ მხატვრული ნაწარმოები ესთეტიკურ ნიშანთა ერთობლიობაა, რომელთა ანალიზი იმთავითვე საჭიროებს ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენებას. ასევე, კ. იუნგი ესთეტიკას ფსიქოლოგიის კერძო დისციპლინად მიიჩნევდა, ხოლო კულტურის კვლევებს მხოლოდ ფსიქოლოგიური დისკურსის ჩარჩოებში მოიაზრებდა.


ხელოვნების ფსიქოლოგიური კვლევა რამდენიმე ძირითად ამოცანას ითვალისწინებს, როგორიცაა: ამოცანას ითვალისწინებს, როგორიცაა:


1. ხელოვნების ფსიქო-სოციალურ დეტერმინანტთა და ფუნდამენტურ-ესთეტიკურ ფენომენთა კვლევა, ესთეტიკურსა და ფსიქო-სოციალურ ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა მოძიება, ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების ახსნა-ექსპლიკაცია (პრობლემა `რატომ~); კერძოდ, რატომ იქმნება ხელოვნების ნაწარმოები, რას წარმოადგენს შემოქმედების იმპულსი თუ სტიმული, რომელი ფსიქო-სოციალური კანონზომიერებები მოქმედებენ მხატვრული ხატის აგების პროცესში, რა შეადგენს ხელოვნებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიურ რაობას და სხვ.


2. ხელოვნების ფსიქოლოგიური ანალიზი (პრობლემა `როგორ~); მხატვრული ნაწარმოების ფსიქოლოგიური აღწერა- დესკრიპცია, ავტორის ფსიქოლოგიური თავისებურებების ნაწარმოებში ასახვის როგორობის გაშუქება, წარმოდგენილი სიმბოლოებისა და, საზოგადოდ, მხატვრული მეთოდების, სტილის, მანერის ფსიქოლოგიური გააზრება და გარკვეულ ფსიქო-სოციალურ მოვლენებსა და კანონზომიერებებთან მათი მიმართების შესწავლა. წავლა.


3. ავტორის (კრეატორ-ინდუქტორის) ფსიქოლოგიური კვლევა; `ვინ~ დგას ნაწარმოების უკან, როგორ ხასიათდება შემოქმედის ფსიქოლოგიური თავისებურებანი, რა პიროვნული ნიშნები აყალიბებს შემოქმედს, რა სახით აისახება ავტორის ფსიქოლოგია მის ქმნილებებში, რა კავშირშია ავტორი მისი შემოქმედების მახასიათებლებთან და სხვა. ზემოთ განხილული საკითხები ე. წ. კრეატიული ანუ შემოქმედების ფსიქოლოგიის ძირეულ პრობლემებს შეადგენს.


4. რეცეპციის ანუ ხელოვნების აღქმის, ავტორისა და მისი აუდიტორიის მიმართების შესწავლა და მხატვრული კომუნიკაციის საკითხთა კვლევა. კერძოდ, ისეთ საკითხთა გაშუქება, როგორიცაა: რატომ და როგორ ახდენს (ან არ ახდენს) ზემოქმედებას მხატვრული ნაწარმოები, როგორია ესთეტიკური რეაქციის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ასევე, ისეთ ფუნდამენტურ ესთეტიკურ ფენომენთა ანალიზი, როგორიცაა: ემპათია, კათარზისი, ინსაითი, ტელე და სხვ. აღნიშნული საკითხებით ე. წ. რეცეპციული (ესთეტიკური აღქმის) ფსიქოლოგიაა დაინტერესებული. კრეაციული და რეცეპციული ფსიქოლოგია ხელოვნების ფსიქოლოგიის ორ მთავარ განშტოებას წარმოადგენს.


5. ხელოვნების ცალკეული დარგების უტილიზაცია-გამოყენება კონკრეტული ფსიქო-თერაპიული მიზნებისა და ამოცანებისთვის. არტთერაპიული (ანუ ხელოვნების დარგებთან დაკავშირებული ფსიქოთერაპიული) მეთოდების გამდიდრება და სრულყოფა, მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვნების აქტიური ჩართვა ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქო-პროფილაქტიკის, თრენინგისა თუ ფსიქო-თერაპიის პროცესში. თანამედროვე არტ-თერაპიაში გამოიყოფა ისეთი ქვე-დარგები, როგორიცაა: მუსიკა-თერაპია, სახვითი ხელოვნებით თერაპია, ცეკვით თერაპია, ფსიქო-დრამა (დრამატული ხელოვნებით თერაპია), ნიღბებით თერაპია, წარმოსახვითი სავარჯიშოებით (იმაგინაციით) თერაპია და სხვა.


ხშირად გამოიყენება კომპლექსური მეთოდებიც, რომლებიც მთელი მხატვრული არსენალის აქტიურ ჩართვას გულისხმობს თერაპიულ პროცესში. რა თქმა უნდა, ხელოვნების ფსიქოლოგიის ამოცანები არაა იზოლირებული; ეს უკანასკნელნი არსებით კავშირში იმყოფებიან და ურთიერთისგან გამომდინარეობენ. ყოველი ცალკეული ამოცანა იმ მთლიან სისტემაშია ჩართული, რომლის მოაზრებაც მხოლოდ ზოგადი, ერთიანი თეორიისა და კონცეპციის პრეროგატივაა.


წყარო: რუსუდან მირცხულავა "ხელოვნების ფსიქოლოგია"

29 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now