Search


რა არის შფოთვა?


შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის მომატებული აქტივობით, კერძოდ, სიმპათიტიკური ნერვული სისტემის აქტივაციითა (სუნთქვის გახშირება, გულისცემის (პულსის), სისხლის წნევის, და კუნთოვანი ტონუსის მომატება) და დაძაბულობის, ცუდი წინათგრძნობის, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით.


ორი ძირითადი კონსტრუქტი, რომლეთანაც დაკავშირებულია შფოთვა, არის შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია. ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული. ასევე, შიშის რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია, ხოლო შფოთვის შემთხვევაში საპასუხო რეაქციები ხშირად მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია (თუმცა ყველა თეორეტიკოსი არ ეთანხმება ამ განსხვავებას შიშსა და შფოთვას შორის). ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ. ფობიები იყოფა სამ კატეგორიად: სპეციფიკური ფობიები, სოციალური ფობიები და აგორაფობიები.


შფოთვა უმეტესად გარკვეული, გამოკვეთილი სიგნალის გარეშე ვითარდება, მოიცავს ინდივიდს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე საფრთხის ნიშანი გამოჩნდება, იგი ფორმირდება საფრთხის წყაროსთან შეჯახების მოლოდინის სახით და ამ გრძნობის ახსნა ინდივიდს არ შეუძლია. შფოთვა ყოველთვის პროექცირებულია მომავალზე და მოსალოდნელი ფსიქოტრამვირებული გამოცდილების ერთგვარი წინასწარგანწყობაა.


ერთმანეთისაგან განასხვავებენ შფოთვის ორ სახეს: მდგომარეობისა (State) და პიროვნულ (trait) შფოთვას. მდგომარეობის შფოთვა თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი აწყდება სიტუაციას, რომელსაც იგი საფრთხედ აფასებს და საფრთხის შემცველი ეპიზოდის დასრულების შემთხვევაში შფოთვის სიმპტომატიკაც ქრება. ანუ მდგომარეობის შფოთვა არის დროის მოცემულ მომენტში კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული გარდამავალი შეგრძნებები (მაგალითად, შეგრძნებები, როცა პირველად ვმგზავრობთ თვითმფრინავით).

კეროლ იზარდი შფოთვას არ განიხილავდა დამოუკიდებლად, ის ამ განიხილავდა მას როგორც შერეული ემოცია, რომელიც ფორმირდება შიშის, სევდის, დანაშაულის შეგრძნებით და სირცხვილის საფუძელზე. შფოთვის განვითარების მიზეზად შეიძლება განვიხილოთ:


· წარსულის გამოცდილება


· სხვისი გამოცდილების პროექცია


· საკუთარი ნეგატიური ქმედებების უკან დაბრუნების შიში/ სევდა


· ეჭვიანობა


· შთაბეჭდილებათა მოჭარბებული აღბეჭდვა

შფოთვის სახეები:

1. შფოთვა რომელიც ახდენს ჩვენს მობილიზაციას

2. პიროვნული შფოთვა / შფოთიანობა

3. სიტუაციური შფოთვა

4. სოციალური შფოთვა

5. ნევროტული შფოთვა - კლინიკური შემთხვევა, რომელიც ხასიათდება პანიკური და ობსესურ/ფობიური მდგომარეობებით

6. ფიზიოლოგიური შფოთვა

7. ვიტალური შფოთვა - საბაზისო მოთხოვნილებების განხორციელებასთან დაკავშირებული შფოთვა

8. ფსიქოტური შფოთვა - შფოთვით-პარანოიალური აშლილობის და შფოთვით-დეპრესიული აშლილობის თანმდევი

9. შფოთვა - პოსტტრამვული სტრესის გამოვლინება

10. ფარმაკოგენული შფოთვა - ზოგიერთი პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული შფოთვა.

მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

· გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები

· ჰორმონალური დარღვევები

· ფსიქოაქტიური ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარება ან მათი მოხმარების შეწყვეტა

· ალკოჰოლით ან წამალდამოკიდებულება

· ქალა/ტვინის დაზიანებები

· ტრავმები და მათი შემდგომი გამოვლიენებები

· ხანგრძლივი სტრესი

· ხასიათის აქცენტუაციის ტიპი

· მელანქოლია

· ბავშვობის ანდაც მოზრდილ ასაკში გადატანილი ფსიქოტრავმა

· ნევროტული მდგომარეობები (ნევრასთენია, დეპრესია, ისტერია)ანდაც ფსიქიკური დაავადებები (შიზოფრენია, პარანოია, მანია)

შფოთვითი აშლილობის მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, იქნება ეს მედიკამენტური თუ ფსიქოთერაპიული მეთოდი. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითრეგულაციას, რომლისთვის ხშირად იყენებენ სპეციალურ სავარჯიშოებსაც კი.

ფსიქოლოგიის ლაბორატორია გთავაზობთ სპეციალურ სამუშაო გვერდს, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ აწარმოოთ ერთგვარი დღიური თქვენს მდგომარეობებზე. გაანალიზოთ პრობლემა და იფიქროთ ალტერნატიული გადაჭრის გზებზე.



იხ. ლინკი:



https://23146aab-4377-4fb0-85e3-a39fb71ce429.usrfiles.com/ugd/23146a_68186940e98d41328ff58c57e89c2bbb.pdf




გამოყენებული წყარო:

https://www.webmd.com/anxiety-panic/guide/anxiety-disorders#1

Kazdin , A. E., (20,,) Encyclopedia of Psychology: 8 Volume Set

https://dendroni.ge/siakhleebi/article/64764-shfothva-shfothvithi-ashliloba

49 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now