Search

Updated: May 15


ყურადღება

რა არის ყურადღება?

გქონიათ შემთხვევა როცა წიგნის კითხვისას მხოლოდ თვალით აღიქვამდით ნაწერს, ტვინით კი მიუწვდომელი რჩებოდა.უსმენდით ლექციას ,მაგრამ რეალურად არ იაზრებდით მის შინაარს?

ყურადღება არის გონებრივი ძალისხმევის კონცენტრაცია სენსორულ ან აზრობრივ მოვლენებზე.

არსებობს თვისებები, რომლებიც მიგვანიშნებს როგორ მუშაობს ჩვენი ყურადღება გარე სინამდვილიდან ინფორმაციის მისაღებად.

ყურადღების ინტენსიობა-გულისხმობს მიმართვას ერთ ობიექტზე ან ერთ მოქმედებაზე სხვათა მიმართ უყურადღებობის ხარჯზე.

ამ შემთხვევაში საჭიროა ყურადღების ისეთი მობილიზაცია, რომ უზრუნველყოს ობიექტის ასახვის სიღრმე. ამ დროს მთელი ფსიქიკური პროცესების ორგანიზებაა საჭირო. ადამიანი, როგორც ინფორმაციის მიმღები სისტემა მომართულია, რათა მაქსიმალური და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს ობიექტის, მისი თვისებების ან შესასრულებელი მოქმედების მიმდინარეობის შესახებ. ყურადღების მობილიზება მაშინ ხდება ძლიერი, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ობიექტს.

ყურადღების რხევადობა -იცვლება ადამიანის ინტერესის მიხედვით. დავუბრუნდეთ საათის წიკწიკს, ის ოთახში ყოველთვის ერთნაირად არ გვესმის, ხანდახან ნაკლებად , ხანდახან მეტად. ეს სტაბილურად გამძლე ყურადღების მქონე ადამიანს ახასიათებს.

ყურადღების გამძლეობა ანუ სტაბილურობა-გულისხმობს ყურადღების ხანგრძლივ წარმართვას ერთი და იგივე მიმართულებით. ეს თვისება განიცდის ისეთი ფაქტორების გავლენას როგორებიცაა: დაღლილობა, ინტერესი, განწყობა და ა.შ. ანუ, შინაგანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინფორმაციის მიღების რაოდენობასა და ხარისხზე.

ყურადღების სიმყარე ანუ გადაუხრადობა- ხელისშემშლელი გამღიზიანებლის მიმართ მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევის თვისებაა. ის გვიჩვენებს რამდენად შეუძლია ადამიანს უკურეაქცია გაუკეთოს ახალ ინფორმაციას, როდესაც მისი გადამამუშავებელი სისტემა უკვე მიმართულია სხვა ობიექტზე. ეს თვისება დამოკიდებულია ახალი ინფორმაციის თავისებურებებზე. მაგალითად, ემოციის აღმძვრელი გამღიზიანებლები უფრო მარტივად გვაიძულებენ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება.

ყურადღების გადანაცვლება- ეს თვისება იმით განსხვავდება ყურადღების სიმყარისგან, რომ ამ შემთხვევაში ხდება ყურადღების ცნობიერი გადანაცვლება, როდესაც ადამიანს თვითონ უნდა ერთ ობიექტიდან მეორეზე გააზრებულად გადაიტანოს ყურადღება.დაახლოებით დადგენილია რომ 0.3 წამია საჭირო ყურადღების გადანაცვლებისათვის. გადანაცვლება რთულია ,რაც უფრო რთულია თავდაპირველ ობიექტზე ყურადღების მიმართვა.

ყურადღების შეგუება - აღსაქმელად ტვინს სჭირდება დრო. აღქმა სწრაფია,როცა ტვინი უფრო შეგუებულია კონკრეტულ ობიექტს, საგანს. ახალი საქმის დაწყებისთვის ბევრად მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტი ძალისხმევა ვიდრე ძველი, უკვე ნაცნობი საქმისთვის.

ყურადღების მოცულობა - იმ ობიექტების რაოდენობაა, რომელსაც მოიცავს ყურადღება. მოცულობა ირყევა 4-7 მდე. მისი გაზომვა ხდება სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით და ინდივიდუალურია.

ყურადღების გადანაწილება - არის ერდროულად რამდენიმე მოქმედების შესრულების უნარი.

ხშირად ხდება ,რომ ადამიანი რამდენიმე საქმეს ერთდოულად აკეთებს, საინტერესოა რა ოპერაციებთან არის დაკავშირებული ჩვენი გონებისთვის ეს პროცესი.

ეს უნარი სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად ვლინდება.

განვიხილოთ ყურადღების განაწილების რამდენიმე მიმართულება:

1. როდესაც ვარჯიშის შედეგად რამდენიმე მოქმედება ერთი მოქმედების სახით განიხილება:ცურვა, ცეკვა, პიანინოზე დაკვრა ორივე ხელით.

2. რამდენად შეიძლება ყურადღების განაწილება ერთდროულად ერთი მიმართულებით, რომლებიც არ ერთიანდებიან და ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით მოითხოვენ ძალების მობილიზებას.

იმისთვის რომ ამას ვუპასუხოთ უნდა გავნხილოთ რამდენიმე პირობა.

ა) როდესაც ერთ ისეთ მოქმედებას ვასრულებთ, რომელიც შესაძლებელია ერთ მოცემულობაში სხვადასხვა საქმის გაკეთებას გულისხმობდეს, მაგრამ საერთო ჯამში ყურადღების მნიშვნელოვან განაწილებას არ საჭიროებდეს. ფოკუსის შინაარსი იგივე რჩება, როცა მძღოლი გვერდს უვლის ადამიანებსა და სხვა მანქანებს გზაზე. მოცემული მოქმედება გავს ავტომატიზირებულ მოქმედებას, როგორც ინსტრუმენტზე ორი ხელით დაკვირს პროცესი.

ბ) ორი სამუშაოს ერთდროული შესრულებისთვის ერთ-ერთი უნდა იყოს ავტომატიზირებული მოქმედება , რომელსაც ცნობიერის მობილიზება არ სჭირდება და უფრო ტექნიკურ მოქმედებას მოითხოვს, ხოლო ძირითადი ყურადღება, მთავარ, ახალ საგანზეა მიპყრობილი და ძირითადი რესურსები მისკენ არის მიმართული.

გ) ყურადღების გადანაწილების კიდევ ერთი ვარიანტია უნარი, რომ სწრაფად გადაინაცვლოს ერთი ობიექტიდან მეორეზე, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ორი ობიექტიდან ორივე არ უნდა ითხოვდეს მუდმივ ყურადღებას,რადგან დამტკიცებულია, რომ შეუძლებელია ყურადღების ზუსტად თანაბრად განაწილება ორი სხვადასხვა ობიექტისთვის. ეს ზუსტად ის პროცესია, რომელიც ზემოთ ყურადღების გადანაცვლების სახით განვიხილეთ.

დ) ყურადღების გამახვილებისთვის კიდევ ერთი ვარიანტია ტალღისებური მოქმედება, როდესაც ერთ ობიექტს მეტად ვაქცეთ ყურადღებას მეორეს უფრო ნაკლებად. მაგალითად, როდესაც თან ისმენთ და თან წერთ ლექციას.

3. ყურადღების ერთდროული გადანაწილება ზუსტად ,არის შეუძლებელი ორი სხვადასხვა ობიექტის მიმართ. ამ შემთხვევაში ისეთ მოქმედებაზეა საუბარი, როგორიც მათემატიკური ანგარიში და ლექციის მოსმენაა. თუმცა არსებობს შემთხვევები,როდესაც ადამიანები ერთდროულად ახერხებდნენ რამდენიმე მოქმედების შესრულებას. ფსიქოლოგია ამ მოვლენას ყურადღების სწრაფი გადანაცვლებით ხსნის.

გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა: კაკიაშვილი მ. "კოგნიტური ფსიქოლოგია", 2010.

31 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now