Search

ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება

Updated: May 28



იყო და არა იყო რა, კაცობრიობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა საკუთარ გამოცდილებას, წერდა ისტორიას და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საჭირო გახდა იმ დისციპლინის გაჩენა, რომელიც, როგორც ებინგჰაუსმა თქვა: „აღწერდა ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებას“. ფსიქოლოგიის პერიოდიზაცია ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ ფსიქოლოგია არ ვითარდებოდა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება-მასზე დროდადრო დიდ გავლენას ახდენდა ადამიანების სოციო-კულტურული განვითარება, ზოგადად მეცნიერების განვითარების დონე და სხვ.

ფსიქოლოგია ორი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ფილოსოფიის ნაწილად, შესაბამისად რთულდება ქრონოლოგიურად მისი განვითარების ეტაპების დადგენა. ამიტომ, აუცილებლად უდა დავყოთ ფსიქოლოგიის ისტორია ორ ნაწილად: 1 - ფსიქოლოგია როგორც ფილოსოფიისა და ბუნებისმეტყველების ნაწილი, 2 - ფსიქოლოგია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება.

მე-17 საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ზოგადად, მოაზროვნე რენე დეკარტი დაინტერესებული იყო ჭეშმარიტების კრიტერიუმების ძებნით. ამ საკითხის შესწავლის დროს , ის იყენებდა მეთოდოლოგიურ სკეპტიციზმს, რომელიც გულისხმობდა ყველაფერში ეჭვის შეტანას და ისეთი დებულების მოძებნას, რომელიც დაეჭვების საფუძველს აღარ მოგვცემდა. მალევე მიხვდა, რომ სხვა თუ ყველაფერში შეგვიძლია ეჭვის შეტანა, თვითონ ეჭვის შეტანის ფაქტი ხომ არსებობს? შესაბამისად ,ეს უკვე აზროვნების გამოვლინებაა. სწორედ აქედან მოდის მისი ცნობილი ფრაზა: „ვაზროვნებ შესაბამისად ვარსებობ“. სწორედ რაციონალისტმა დეკარტმა და ემპირიცისტმა ჯონ ლოკმა ემპირიულ, ფაქტებზე დაყრდნობილ ფსიქოლოგიას ჩაუყარეს საფუძველი.

ფსიქოლოგიამ დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის სტატუსი უპირველესად მასში ექსპერიმენტული მეთოდის დამკვიდრების გზით მიიღო. საუბარი სწორედ დამკვიდრებაზეა, თორემ ექსპერიმენტს უკვე XVIII საუკუნიდან მოყოლებული, საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ფსიქიკური სამყაროს ამა თუ იმ მხარის შესწავლის მიზნით. შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი დარგების ჩამოყალიბება.

დარგები:

ექსპერიმენტული ფსიქოლოგია - ექსპერიმენტული ფსიქოლოგია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფსიქიკის შესწავლის მეცნიერული და ემპირიული მიდგომა. ექსპერიმენტული მიდგომა ნიშნავს, რომ სხვადასხვა საკითხის კვლევა მოიცავს ისეთი ემპირიული მეთოდების გამოყენებას,როგორიცაა ტესტირება სპეციფიკური ექსპერიმენტული პირობებით და სხვა. ექსპერიმენტული ფსიქოლოგია ეხება ადამიანის აზრების, გრძნობების, მოქმედებების და მის მიღმა თეორიების კვლევას - ადამიანის ყოფიერების ნებისმიერ ასპექტს. ეს არის ფართო კატეგორია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა განხრას (მაგ. ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია).

დიფერენციალური ფსიქოლოგია - ექსპერიმენტული მიდგომის პარალელურად გაჩნდა ინტერესი საერთოსაგან განსხვავებული, ინდივიდუალური და თავისებური ფსიქიკური თვისებების გარკვევისა და შესწავლის მიმართ, საბოლოოდ, ე.წ. დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა. როგორც ცნობილია, ფსიქოლოგიის ეს განხრა შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ განსხვავებებს, ამ განსხვავებათა მიზეზებს და მათი გამოაშკარავების საშუალებებს. ამ მიმართულებას, როგორც მეცნიერების დარგს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა ჰალტონმა.

სამედიცინო, კლინიკური ფსიქოლოგია - კლინიკური ფსიქოლოგია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური ქცევისა და სხვადასხვა ფსიქიატრიული პრობლემის შეფასებასა და კომპლექსულ მკურნალობას. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება ამერიკელი ფსიქოლოგის, ლაიტნერ უიტმერის სახელს, (1896 წ. )

თუმცა, თავდაპირველად, კლინიკური ფსიქოლოგიის განვითარებაზე გავლენა მოახდინა ზ.ფროიდის ნაშრომებმა, რომელიც ფოკუსირდებოდა იდეაზე, რომ ფსიქოთერაპევტს პაციენტის ფსიქიკური პრობლემის მოგვარება შეეძლო საუბრით. შემდგომ, საუბრით თერაპიას თავისი ჩამოყალიბების ადრეულ წლებშივე აქტიურად იყენებდა კლინიკური ფსიქოლოგიაც.

კლინიკურ ფსიქოლოგიაში 4 ძირითადი თეორიული მიდგომა არსებობს:

ფსიქოდინამიკური

კოგნიტურ-ბიჰევიორული

ჰუმანისტური

ოჯახური სისტემების თეორია.

განვითარების ფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პროცესების ურთიერთქმედებას და განვითარების სტადიებს მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარების პოზიციიდან.განვითარების ფსიქოლოგიის ამოცანაა, გაარკვიოს როგორ და რატომ იცვლება ორგანიზმები დროის განმავლობაში და აღწეროსდა ახსნას ეს ცვლილებები. მკვლევარები სწავლობენ დროის პერიოდებს, რომელთა განმავლობაშიც პირველად იჩენს თავს სხვადასხვა უნარი და ფუნქცია და აკვირდებიან, როგორ იცვლება ეს უნარები დროთა განმავლობაში. ძირითადი წინაპირობაა ის, რომ ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირება, სოციალური ურთიერთობები და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ასპექტები მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება და იცვლება. განვითარების ფსიქოლოგიას აინტერესებს ადამიანის განვითარების ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ემოციური, მორალური, კოგნიტური, სოციალური განვითარება და განვითარების ასაკობრივი თავისებურებები.

გამოყენებული ლიტერატურა: იმედაძე ი. "ფსიქოლოგიის ისტორია", 2014.

17 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now