Search


ფსიქოზი" ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (psyche - სული, osis - მდგომარეობა). თავდაპირველად, ტერმინი „ფსიქოზი“ შემოთავაზებული იყო ფოიხტერსლებენის მიერ, რომელმაც 1845 წელს გამოსცა წიგნი „სამედიცინო ფსიქოლოგიის პრინციპები“. ავტორმა ტერმინი „ფსიქოზი“ შემოიტანა მძიმე ფსიქიკური აშლილობების აღსანიშნავად. ის წერდა: „ყველა ფსიქოზი არის იმავდროულად ნევროზი, მაგრამ ყველა ნევროზი არ არის ფსიქოზი“. ნევროზების ცნების შევიწროვებასთან ერთად, ფსიქოზები აღარ განიხილებოდა ნევროზების ქვეჯგუფებად და დამოუკიდებელი დაავადების სახე შეიძინა.

ფსიქოზი ადამიანის ფსიქიკის არანორმალურ მდგომარეობას გამოხატავს.




ეს ფსიქიკის მძიმე დარღვევაა, რომლის დროსაც ავადმყოფის მიერ რეალური სამყაროს აღქმა მკვეთრად არის დარღვეული. ეს ვლინდება ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილებით, სხვადასხვა სიმპტომითა და სინდრომით. ტერმინი "ფსიქოზი" არ ნიშნავს კლინიკურ დიაგნოზს. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ის არის სიმპტომი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის დროს.


ფსიქოზი უმეტესად ენდოგენური - შინაგანად წარმოშობილი - დაავადებების (ბერძ. Endo - შინაგანი, genesis - წარმომავლობა) ფარგლებში ვითარდება. მათ მიეკუთვნება შიზოფრენია, შიზოტიპური და შიზოაფექტური აშლილობა, აგრეთვე - გუნება-განწყობის ანუ აფექტური აშლილობა. ამ დაავადებების დროს განვითარებული ფსიქოზი ყველაზე მძიმე და გახანგრძლივებული ფსიქიკური პათოლოგიაა.


გამოიყოფა ფსიქოზის ორი ჯგუფი:


· შეზღუდული ფსიქოზი;


· ფუნქციონალური ფსიქოზი.



ფსიქოზის ტიპები



ფსიქოზსა და შიზოფრენიას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ, რაც ძირეულად არასწორია, რადგან ფსიქოზური სიპტომები შეიძლება შეგვხვდეს მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების დროს - ისეთებისა, როგორებიც არის ალცჰაიმერის დაავადება, მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, ეპილეფსია, ოლიგოფრენია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია...

ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს გარდამავალი ფსიქოზური მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის მიღება, ასევე - ფსიქოგენური ანუ რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც ვითარდება ძლიერი ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ახლობლის დაკარგვის, სიცოცხლისათვის საშიში სტრესული სიტუაციისა და სხვათა გამო.


ასევე გვხვდება ინფექციური (მძიმე ინფექციური დაავადებით გამოწვეული), სომატოგენური (მძიმე სომატური პათოლოგიის, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად განვითარებული) და ინტოქსიკაციური ფსიქოზები. ამ უკანასკნელის ყველაზე მკაფიო მაგალითია ალკოჰოლური დელირიუმი - "თეთრი ცხელება“. ამ ფსიქოზებს ეგზოგენურს უწოდებენ (ბერძ. Exo - გარე, genesis - წარმოშობა).


ამრიგად, მიზეზის მიხედვით განასხვავებენ ენდოგენურ (მას მიეკუთვნება შიზოფრენია, შიზოაფექტური აშლილობა, აფექტური აშლილობის ფსიქოზური ფორმები), ორგანულ, სომატოგენურ, ფსიქოგენურ (სიტუაციური, რეაქტიული) და ინტოქსიკაციურ ფსიქოზებს. მოსახლეობის საშუალოდ 3-5 პროცენტს აღენიშნება ენდოგენური ფსიქოზი. ზუსტი მონაცემები ეგზოგენური ფსიქოზების გავრცელების შესახებ არ მოიპოვება. ისიც უნდა ითქვას, რომ „ფსიქოზი“, საზოგადოდ, ფართო ცნებაა და აერთიანებს სხვადასხვა დაავადების თანმხლებ სხვადასხვა სიმპტომს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი (მოწამვლა), ასევე შინაგანი (გენეტიკური მიდრეკილება). ამიტომ მიჩნეულია, რომ ფსიქოზი არ არის დიაგნოსტიკური ტერმინი. ფსიქოზების კლასიფიკაციას ახდენენ აგრეთვე კლინიკური სურათის, წამყვანი სიმპტომების (სინდრომული კლასიფიკაცია) მიხედვით. აქედან გამომდინარე, იხმარება შემდეგი ტერმინები: პარანოიდული, მანიაკური, დეპრესიული, იპოქონდრიული, დეპრესიულ-პარანოიდული, დეპრესიულ-იპოქონდრიული ფსიქოზი.



ფსიქოზის მიმდინარეობა - ფაზები:



ფსიქოზის ძირითადი ნიშნებია:


· ჰალუცინაციები - ანალიზატორის მიხედვით გამოყოფენ სმენით, მხედველობით, ყნოსვით, ტაქტილურ-სომატურ ჰალუცინაციებს. ყველაზე ხშირია სმენითი ჰალუცინაციები, ე.წ. ხმები. როდესაც საქმე ეხება სმენით ჰალუცინაციებს, ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმები, რომლებიც კარნახობენ, რა გააკეთოს და რა - არა; ხმებმა შეიძლება მიაყენონ შეურაცხყოფა, აიძულონ გარკვეული ქმედების ჩადენა. თუ ეს მხედველობითი ჰალუცინაციებია, ადამიანი შეიძლება ისეთ რამეს ხედავდეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მისთვის ეს ჰალუცინაცია სრულიად რეალურია ხოლმე.


· ბოდვითი იდეები - ადამიანს შეიძლება შთაგონებული ჰქონდეს მცდარი რწმენა ან წარმოდგენები. მაგალითად, შეიძლება ეგონოს, რომ მის აზრებს ტელევიზია ან რადიო გადასცემს, ანდა მის მოქმედებას სპეციალური სამსახური აკონტროლებს სხივების, რადიაციის მეშვეობით. თავი მიაჩნდეს იესო ქრისტედ ან უცხოპლანეტელად, გადაჭარბებულად ეჭვიანობდეს და საჩუქრად მორთმეულ შოკოლადის კოლოფში მოწამვლის მცდელობას ხედავდეს (პარანოია ან დევნის მანია). პაციენტს შეიძლება მიაჩნდეს, რომ დაავადებულია უკურნებელი სენით, შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული და ოპერაციულ ჩარევას ითხოვდეს. არსებობს აგრეთვე ცოლქმრული ეჭვიანობის, გამომგონებლობის, განდიდების, სასიყვარულო ბოდვითი იდეები.


· გუნება-განწყობის აშლილობა - გამოიხატება დეპრესიული ან მანიაკური მდგომარეობით. დეპრესიის დროს აღინიშნება გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, მელანქოლიური, დაწეული, სევდიანი განწყობილება, გარე სამყარო შავბნელ ფერებში ეხატებათ, წარსული აღიქმება როგორც შეცდომებისა და ცოდვათა ჯაჭვი. დაქვეითებულია მადა და დარღვეულია ძილი. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ასევე ინტელექტუალური და მოტორული შენელება, თვითბრალდების იდეები, ფიქრები თვითმკვლელობაზე. მანიაკური მდგომარეობა კი ვლინდება გუნება-განწყობის უსაფუძვლო აწევით, აზროვნებისა და მოძრაობების აჩქარებით. ამ დროს ადამიანს აქვს ძილის ნაკლები მოთხოვნილება, საკუთარ შესაძლებლობებს არაადეკვატურად აფასებს, აქედან გამომდინარე, სახავს არარეალურ, ზოგჯერ ფანტასტიკურ გეგმებს. ხშირია ნარკოტიკების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, განურჩეველი სქესობრივი კავშირების დამყარება.


· აბნეული აზროვნება - ავადმყოფს უჭირს გამართულად აზროვნება საათების ან, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი ფიქრები აბნეულად და სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. დარღვეულია ლოგიკური თანამიმდევრობა. წინადადებები ფრაგმენტული და არეულ-დარეულია.


· არაადეკვატური ემოციები - მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი შეიძლება იცინოდეს, როდესაც ვითარება ტირილს მოითხოვს და პირიქით, ტიროდეს, როცა სატირალი არაფერი ხდება. ზოგჯერ შესაძლოა სრულიად უემოციოც იყოს.


· ნეგატიური სიმპტომები - აპათია. ავადმყოფი შეიძლება ემოციურად და სოციალურად პასიური იყოს. ამ მდგომარეობას მოტივაციის დეფიციტი, შემცირებული სამეტყველო ლექსიკა და უემოციობა ახასიათებს. ამ დროს პაციენტებს დაქვეითებული აქვთ ურთიერთობის უნარი, ამასთან ერთად კი თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვისაც.


ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორთა ურთიერთქმედება გავლენას ახდენს დაავადების დასაწყისზე, მიმდინარეობასა და შედეგზე. ენდოგენური ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის ზემოქმედებაზე.


ესენია:


· თანდაყოლილი მიდრეკილება - აწეული მგრძნობელობა სპეციფიკური პირობების მიმართ;


· გარეგანი მიზეზებით განპირობებული სტრესი.


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პიროვნებას, რომელსაც ახასიათებს თანდაყოლილი გამოხატული მგრძნობელობა ფსიქიკური დაავადებების მიმართ, სულ მცირე გარეგანი სტრესიც ჰყოფნის დაავადების პროვოცირებისთვის. შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის - გენეტიკური მიდრეკილებისა და სტრესის - თანაარსებობა, როგორც წესი, აშლილობის მიზეზი ხდება.


ეგზოგენური ფსიქოზის მიზეზად შეიძლება იქცეს:


· სხვადასხვა ნივთიერების (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი) ხანგრძლივი მიღების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაცია;


· სომატური დაავადებები: ტვინის სიმსივნე, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება;


· შიდსი და ის ინფექციური დაავადებები, რომლებიც აზიანებს ტვინს;


· ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა;


· მძიმე ფსიქიკური ტრავმა, მაგალითად, ახლობლის დაკარგვა, სიცოცხლისთვის საშიში სტრესული სიტუაცია და სხვა.



დიაგნოსტიკა


დიაგნოსტირება მოიცავს ერთმანეთის მონაცვლე თანმიმდევრულ ეტაპებს:


· გამოვლენილ ფსიქიკურ აშლილობათა დონის ( რეგისტრის ) დადგენა


· უპირატესად ეგზოგენურ-ორგანული, ფსიქოგენური და ენდოგენური რეაქციების ტიპების განსაზღვრა


· დაავადების მიზეზების გამოვლენა


· არსებული დარღვევების კლინიკასა და დინამიკაზე დაკვირვებით წინასწარი დიაგნოზის დადგენა


· დიაგნოზის დამტკიცება პარაკლინიკური მეთოდების დახმარებით (ნევროლოგიური, სომატური, ბიოქიმიური, ელექტროფიზიოლოგიური, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური და სხვა.)

პაციენტთან კლინიკური ინტერვიუირების საშუალებით და ქცევაზე დაკვირვებით., დგინდება ფსიქიკური სტატუსი (რისთვისაც გამოიყენება შეფასების სკალები). პაციენტის ქცევის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ ოჯახის წევრებსაც. ეგზოგენური ფსიქოზის გამოსარიცხად საჭიროა კლინიკური გამოკვლევების ჩატარება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ფსიქოზი - ენდოგენურმა ფსიქიკურმა აშლილობამ თუ გარეგანმა ფაქტორებმა: ინფექციამ, ინტოქსიკაციამ, მძიმე სომატურმა დაავადებამ თუ ფსიქიკურმა ტრავმამ. ამის შემდეგ დიფერენციული დიაგნოსტიკის გზით უნდა დავადგინოთ, რომელი ფსიქიკური აშლილობის ფარგლებში განვითარდა ფსიქოზი.



ფსიქოზი vs ნევროზი

ფსიქოზისგან განსხვავებით, ნევროზული აშლილობების დროს რეალური სამყაროს აღქმა არ არის დარღვეული, შენარჩუნებულია კრიტიკული დამოკიდებულება დაავადების მიმართ. ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები ანუ აზროვნების, ცნობიერების და აღქმის პათოლოგია - ნევროზის დროს არ შეინიშნება. გარდა ამისა, ნევროზით დაავადებულ ადამიანებს არ ახასიათებთ სოციალურად მიუღებელი ქცევა. თუმცაღა ნევროზული აშლილობისას ირღვევა ადამიანის სოციალური ფუნქციობა.


მკურნალობა


მკურნალობა ფსიქოზის მიზეზზეა დამოკიდებული. ენდოგენური ფსიქიკური აშლილობის დროს განვითარებული ფსიქოზის მკურნალობა გულისხმობს ფსიქოფარმაკოთერაპიას და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს - ფსიქიატრიულ რეაბილიტაციასა და ფსიქოთერაპიას. მძიმე ქრონიკულ ფსიქიკურ აშლილობათა მკურნალობის თანამედროვე ეტაპად ითვლება ფსიქიატრიული რეაბილიტაცია. ამ დროს ხდება პაციეტების სოციალურ უნარ-ჩვევათა ტრენინგი, რაც ხელს უწყობს მათი სოციალური ფუნქციობის გაუმჯობესებას და შემდგომ დასაქმებას.



წყარო:


მანანა ბოკუჩავა - "ზოგადი ფსიქოპათოლოგია", თბილისი 2017

https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/fsiqiatria/3631-fsiqozi-misi-mizezebi-formebi-da-mkurnaloba.html?start=

21 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now