Search

უმაღლესი ფსიქიკური პროცესი - აღქმა

Updated: May 28


რა არის აღქმა?

ეს არის რეცეპტორებზე მომქმედ კონკრეტულ საგანთა ან მათ თვისებათა თვალსაჩინო, მთლიანი, ხატოვანი ასახვა. აღქმის ფუნქცია, უხეშად რომ ვთქვათ, არის თვალნათლივ ობიექტური სამყაროს ასახვა ფსიქიკაში. სინამდვილე კი, ადამიანის ცნობიერებაში საგანთა ან მოვლენათა სახით აისახება და არა მხოლოდ უსაგნო სენსორული სტიმულების სახით. გარემოს კი არ შევიგრძნობთ არამედ აღვიქვამთ.

მოგეხსენებათ, რომ აღქმასა და შეგრძნებას შორის ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. იმისათვის, რომ რაღაც აღვიქვათ, ჩვენ გვჭირდება აღსაქმელი „მასალა“, რომელსაც შეგრძნებებიდან ვიღებთ. ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულად ვერ ფუნქციონირებენ, ვერც აღმის გარეშე შეიგრძნობს ადამიანი რამეს.

მიუხედავად ამისა, აღქმისა და შეგრძნების მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს საგნობრიობა - აღქმა განიცდება არა როგორც სუბიექტში მიმდინარე პროცესი, არამედ როგორც სუბიექტის გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტი. როდესაც რაღაც საგანს ვუყურებთ, (მაგალითად სკამს), ჩვენ არ აღვიქვამთ როგორც ცალკეული თვისებების ჯამს (ფერების, ფორმების,) არამედ სხვა რაღაც მთლიან საგანს, რომელსაც ახალ სახელს ვარქმევთ.

შეგრძნებიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც ქაოტური და ცვალებადია, იმისათვის რომ ჩვენ სწორად აღვიქვათ, საჭიროა მისი კლასიფიცირება. პერცეპტუალური პროცესები მოწესრიგებულ ხატებს ქმნიან და ამგვარად აწესრიგებენ და უკეთებენ ორგანიზებას შემოსულ მასალას. კონკრეტული საგანი განიცდება საგანთა ჯგუფის, კატეგორიის წარმომადგენლად და ეს დასკვნის ან მსჯელობის სახით კი არ ხდება, არამედ ავტომატურად, აღქმის პროცესში ხორციელდება. როდესაც ჩვენ შევხედავთ სკამს - ის ჩვენთვის იმთავითვე „საზოგადოდ სკამია“, ე. ი „სკამების“ კატეგორიის წარმომადგენელი და არა მხოლოდ ესა და ეს ინდივიდუალური საგანი. შესაბამისად, ეს თვისება - კერძოში ზოგადის გულისხმობა, ნიშნავს აღქმაში აზროვნების ჩართვას.

წლების წინ, ფსიქოლოგები მიიჩნევდნენ, რომ რასაც ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ შეგრძნებების ჯამი იყო.თანამედროვე ფსიქოლოგია კი ამტკიცებს, რომ მიუხედავად შეგრძნებების მრავალფეროვნებისა, აღქმის დროს საგანი აღიქმება მისი ახალი, მთლიანი თვისებით.



მაგალითად, როცა ვუყურებთ სამი სწორი ხაზიდან შედგენილ ფიგურას, ჩვენ აღვიქვამთ არა სამ ხაზს არამედ მთლიან ფიგურას, რომელსაც გარკვეული ფორმა აქვს.

აღქმას, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ასევე ახასიათებს პიროვნებისეული ხასიათი. ის არა მხოლოდ საგნის ხატია, არამედ კონკრეტული ადამიანის მოქმედებაცაა. ადამიანი ასე ვთქვათ, განეწყობა საგნის აღსაქმელად და ეს მისი განწყობა გავლენას ახდენს აღქმის პროცესსა და შედეგზე. ხშირად შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას, გარკვეულ კონტექსტში სხვადასხვანაირად აღიქვამს. ეს დამოკიდებულია პიროვნების მდგომარეობაზე, სიტუაციაზე და სხვა.

გამოყენებული ლიტერატურა: იმედაძე ი. "ფსიქოლოგიის საფუძვლები", 2007.

12 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now