Search

სტრესი, კრიზისი და თვითიზოლაცია - რამაზ საყვარელიძე


ბატონო რამაზ, სიტყვა სტრესს საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: „სტრესული სამუშაო“, „სტრესული გარემო“.. როგორ ფიქრობთ რამდენად შეესაბამება ბუნებრივ ენაში აქტიურად ხმარებადი სიტყვა სტრესი, ამ სიტყვის მეცნიერულ განმარტებას?

სტრესის მეცნიერული გააზრება, რომელიც ჰან სელიესგან იღებს სათავეს, შორსაა იმისგან, რაც დამკვიდრდა ბუნებრივ ენაში. სელიე ანსხვავებდა დადებით, ანუ ეუსტრესს, და უარყოფით, ანუ, დისტრესს. ბუნებრივ ენაში კი სტრესი მხოლოდ იმ მდგომარეობას აღნიშნავს, რაც უარყოფითია ადამიანისთვის.

რა განსხვავებაა დადებით და უარყოფით სტრესს შორის?

სტრესის ეს სახეები ფუნქციის მიხედვით გამოჰყო სელიემ. დადებითი სტრესი არის საფრთხის გაჩენისას ძალების მობილიზაცია, რაც დადებითი ფაქტია. ასევე, დადებითია სასიამოვნო მოვლენით გაჩენილი მობილიზაცია, ანუ სტრესი. უარყოფითი არის სტრესი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. სელიეს მიაჩნდა, რომ ეს ხდება ორგანიზმის გამოფიტვის გამო. აქ ერთი ტერმინოლოგიური სირთულე ჩნდება - ადამიანი სიხარულისგანაც შეიძლება გახდეს ცუდად. ცუდად ყოფნა ცუდია, სიხარული კარგი. სასიხარულო ამბავზე ცუდად გახდომა ეუსტრესი იქნება, თუ დისტრესი, ბუნდოვანია. საერთოდ, სტრესთან დაკავშირებულ ტერმინებში კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ისე, მეცნიერებიც, როცა ხმარობენ მხოლოდ ტერმინ „სტრესს“, უმეტესად გულისხმობენ უარყოფით მოვლენას, ანუ დისტრესს. ამდენად, ყოველდღიური გაგება, ძალაუნებურად, გავლენას ახდენს მეცნიერულზე და მცირდება დისტანცია სტრესის მეცნიერულ და ყოფით მნიშვნელობებს შორის.

სტრესი ფსიქო-ფიზიოლოგიური მოვლენაა, რა გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ორგანიზმზე?

სტრესის ორგანიზმზე გავლენა სელიემ იკვლია პირველად და ამ გავლენის ძირითად სურათსაც სელიეს ტრიადას უწოდებენ. ტრიადას იმიტომ, რომ სელიემ სტრესის სამ გამოვლინებას გაუსვა ხაზი. ჯერ ერთი, იზრდება თირკმლსზედა ჯირკვალი, რაც ადრენალინის და ნორადრენელინის გამოყოფას ემსახურება. შედეგად, აჩქარებულია გულისცემა, სუნთქვა, დაძაბულია კუნთები, სისხლში იმატებს შაქარი. მეორეც - დათრგუნულია თიმუსი და ლიმფური ჯირკვლები, რაც თრგუნავს იმუნურ სისტემას. მესამე - მცირდება კუჭის წვენის გამოყოფა იმდენად, რომ იარები ჩნდება კუჭსა და ნაწლავებზე. ქრონიკული სტრესი ყველა ამ ცვლილებას ამწვავებს და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, იმუნიტეტის და საჭმლის მომნელებელი სისტემების რომელიმე დაავადება, ან ბევრი ერთად.

სტრესის რა სიმპტომების შემთხვევაში არის პროფესიონალის ჩარევა საჭირო?

სტრესს, უფრო ზუსტად, დისტრესს აქვს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ნიშნები. პირის სიმშრალე, ცივი კიდურები, ხელების ტრემორი და სხვა მისთანანი სტრესის ფიზიოლოგიური ნიშნებია. ფსიქოლოგიური ნიშნებია ძილ-ღვიძილის ჩვეული ციკლის დარღვევა, კვების ჩვეული ინტენსიობის შეცვლა, აკვიატებული ფიქრები თუ განწყობილებები, კონფლიქტურობა, დაღლილობა, მუშაობის ეფექტურობის შემცირება და სხვა ამგვარი. სტრესის ნიშნების რომელიმე გამოვლინებაზე რაც უფრო ადრე ეცდება ადამიანი პრობლემის მოგვარებას, მით უკეთესია. სასურველია, რომ ჯერ თავად პიროვნებამ გააცნობიეროს, რომ სტრესშია და საკუთარი ძალებით სცადოს მისი დაძლევა. თუ ვერ მოახერხა, მიმართოს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ან ფსიქოთერაპიის სპეციალისტს. სტრესის სურათი თუ დამძიმდა, საჭირო გახდება ფსიქიატრი და სომატური პროფილის თერაპევტი.

თვლით თუ არა, რომ კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად შეცვლის სტრესის მაჩვენებელს, მოსახლეობაში?

გააჩნია ტრავმის ხარისხს, რაც ამათუიმ ქვეყნის მოსახლეობას მოუტანა ვირუსმა. საქართველომ ჯერჯერობით მოახერხა ვირუსთან ისე გამკლავება, რომ სოციალური სტრესის ხარისხი საზოგადოებაში მინიმალური იყო. თუ ასეთივე სიტუაცია შენარჩუნდა, მეეჭვება კორონამ მნიშვნელოვნად შეცვალოს სტრესის მაჩვენებელი ჩვენს მოსახლეობაში.

რა ურთიერთმიმართებაა კრიზისსა და სტრესს შორის?

სუბიექტური კრიზისი ყოველთვის სტრესია. საზოგადოების კრიზისი ზოგისთვის გადაიქცევა სუბიექტურ მდგომარეობად, ანუ სტრესად, ზოგისთვის - არა.

რას ურჩევდით, კრიზისული პერიოდისგან დათრგუნულ ხალხს?

თუ კრიზისმა გააჩინა სტრესი, იგივე უნდა გავიმეორო, რაც ზემოთ ვთქვი - სტრესის თავად უნდა დავძლიოთ საკუთარ თავში, თუ არადა დახმარება უნდა მივიღოთ სპეციალისტებისგან.

131 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now