Search

რორშახის ლაქების ტესტი


რა არის პროექციული ტესტი? პროექციული ტესტი პიროვნების შეფასების მეთოდია, რომელშიც პიროვნების საკვლევი ტესტებიგან განსხვავებით, ინდივიდს ორაზროვან/აბსტრაქტული სტიმულების ერთობლიობას უჩვენებენ და შემდეგ სთხოვენ, რომ მოახდინონ ნანახი სტიმულების ინტერპრეტაცია. პროექციული ტესტები პირველად ფსიქოანალიტიკოსებმა გამოიყენეს. ამ მეთოდით მათ სურდათ თვალყური ედევნებინათ პიროვნების არაცნობიერი დინამიკისათვის. პროექციული ტესტების გამოყენების მთავარ მიზანს ინდივიდის შინაგანი გრძნობების, მოტივების, კონფლიქტებისა და აზრების გამოავლენა წარმოადგენს. ამგვარი ტესტები ობიექტური ტესტებისგან განსხვავებით არ არის მკაცრად სტრუქტურირებული, რაც საშუალებას აძლევს რესპონდენტს, შეზღუდული, წინასწარგანსაზღვრული პასუხების ნაცვლად არჩევანის უფრო ფართო სპექტრი გამოიყენოს. როგორც წესი, პროექციული ტესტების ადმინისტრირება თითოეულ ცდის პირთან ინდივიდუალურად ხდება, ხოლო პროცესს პროექციული ტესტების გამოყენებაში კომპეტენტური ფსიქოლოგი უძღვება.პროექციულ ტესტებს, როგორც წესი, ყველაზე ხშირად პრაქტიკოსი ფსიქოლოგები იყენებენ. შეფასების პროცესში ადამიანს შეიძლება სთხოვონ, რომ აღწეროს გარკვეული ტიპის აბსტრაქციები, მოყვეს ისტორიას ნახატის შესახებ, რომელსაც ფსიქოლოგი უჩვენებს ან დაასრულოს სურთები. ითვლება, რომ ამგვარ სტიმულებზე ინდივიდის მიერ გაცემული პასუხები მის შინაგან ასპექტებს წარმოაჩენს. რორშახის მელნის ლაქების ტესტი რორშახის მელნის ლაქების ტესტი — ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც 1921 წელს შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ჰერმან რორშახმა შემოიღო. ტესტი 10 ბარათისაგან შედგება, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვან სტიმულებს სიმეტრიული მელნის ლაქების სახით. ტესტი მოიცავს როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად ბარათებს. ცდის პირებს მოეთხოვებათ დაასახელონ თუ რას ხედავენ ან რას ამსგავსებენ ბარათზე მოცემულ ლაქებს, ექსპერიმენტატორი კი ზედმიწევნით აფიქსირებს მათ პასუხებს, აღწერს პასუხის გასაცემად დახარჯულ დროს და იმას, თუ როგორ უჭირავთ რესპოდენტებს ბარათები. ამის შემდეგ კი ხდება გარკვეული დეტალების დაზუსტება. რორშახის ტესტის მეშვეობით ძირითადად ხდება ინდივიდუალური თავისებურებების, შემეცნებითი სტილის, შინაგანი და პიროვნებათშორისი კონფლიქტების და დაცვის მექანიზმების,შფოთვის დონის, ინტელექტუალური უნარების და ა.შ. დიაგნოსტირება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დასრულებული თეორია მელნის ლაქებთან დაკავშირებით, 1980-90 წლებში ჩატარებული არაერთი კვლევით დადასტურდა ამ ტესტის ვალიდობა და სანდოობა. გარდა ამისა, არსებობს გადამუშავებული და მოდიფიცირებული ვარიანტები, რომელიც ამავე პრინციპს ეფუძნება. * ლოკალიზაცია

* დეტერმინანტები

* ფორმის დონე, ხარისხი

* შინაარსი

* ორიგინალურობა



ლოკალიზაცია

მიუთითებს ობიექტთა და გარემო სინამდვილის შემეცნების თავისებურებაზე. როდესაც ლაქის აღქმა მთლიანობით ხდება, ეს მეტყველებს ადამიანის სწრაფვაზე სიტუაცია მთელი სირთულით, მის შემადგენელ კონპონენტთა ურთიერთკავშირით აღიქვას.


დეტერმინანტები

ფორმა

ფორმის აღქმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახასიათებელია იმისა, თუ როგორ ვახერხებთ სტრუქტურის აღქმასა და გაურკვეველი ხასიათის მასალის ორგანიზაციას.


კინესთეტიკური მაჩვენებლები

კინესთეტიკური მაჩვენებლების ინტერპრეტაცია რორშახის ტესტის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნაწილია. მიჩნეულია, რომ სწორედ ეს მაჩვენებელი აღწერს ყველაზე კარგად ადამიანის შინაგან სამყაროს. მკვლევართა უმეტესობა მოძრაობების აღქმას განიხილავს როგორც პიროვნების მიერ არაცნობიერი სიღრმეების პროექციას ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან, განსხვავებით ფერისა და ფორმისგან, კინესთეტიკური აღქმა თავად სუბიექტისგან მომდინარეობს. ამიტომაც, კინესთეტიკას აკავშირებენ მაღალ ინტელექტთან, შემოქმედებით და წარმოსახვის უნართან. თავად რორშახი კინესთეტიკას აკავშირებდა ადამიანის საკუთარ თავში ჩაღრმავების მიდრეკილებასთან, აგრეთვე მის მიერ აფექტური კონფლიქტების შემოქმედებითი გზით გადაჭრისა და შესაბამისად, შინაგანი სტაბილურობის მიღწევის უნართან. მსგავს მოსაზრებებს ამტკიცებდა ხელოვნებასთან დაკავშირებული პირების კვლევაც, თუმცა შემდგომში ისიც გამოვლინდა, რომ აუცილებელია სხვა ისეთ ფაქტორთა ზემოქმედების გათვალისწინება, როგორიცაა ადამიანის ადაპტაციის უნარი, საკუთარი ’’მე’’-ს დიფერენციაცია, აფექტურ გამღიზიანებლებზე გარეგანად რეაგირება. კინესთეტიკა კავშირშია ადამიანის მიერ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების აღქმასთან, ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან, ემპათიის უნართან და ა.შ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის კინესთეზიის აღქმა მეტყველებს პიროვნების მიერ საკუთარი მოთხოვნილებების, ფანტაზიისა და თვითშეფასების გაცნობიერებაზე, შინაგანი მდგომარეობის კარგ კონტროლზე. რორშახი მოძრავი სხეულების დიფერენციაციას ახდენდა აქტიური და პასიური მოძრაობების მიხედვით. ექსნერის შეფასების სისტემა

1960-იანი წლების დასაწყისში ჯონ ექსნერმა და მისმა თანამოაზრეებმა მიმოიხილეს Rorschach–ის შეფასების სისტემა და მასში აღმოაჩინეს უზუსტობები, რომლებიც ეხებოდა შეფასების სტანდარტულობას. მან დაიწყო აქტიური კვლევა იმისათვის რომ შეექმნა რორშახის ყოვლისმომცველი შეფასების სისტემა. ექსნერის სისტემის ძირითადი კომპონენტებია რორშახის ცვლადების კლასტერიზაცია და თანმიმდევრული ძებნის სტრატეგია, რათა განისაზღვროს მათი ანალიზის რიგი, სტანდარტიზებული ადმინისტრაციის, ობიექტური, საიმედო კოდირების კონტექსტში. სისტემა დიდ ყურადღებას აქცევს ინფორმაციის დამუშავების კოგნიტურ ტრიადას, რაც ეხება იმას, თუ როგორ ამუშავებს სუბიექტი მონაცემებს, როგორ ხდება ინფორმაციის გადამუშავება და იდენტიფიკაცია. ჯონ ექსნერის შეფასების ვერსია ამჟამადაც განიცდის ცვლილებებს. ის უფრო სტანდარტიზებული და დეტალიზებული ხდება. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად რორშახის ლაქების ტესტის სანდოობა და ვალიდობა არაერთხელ დადასტურდა. იქედან გამომდინარე რომ ტესტის ჩატარება და ინტერპრეტაცია მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს, რომ სუბიექტური დამოკიდებულებები შეფასების დროს თავიდან ავირიდოთ, ტესტის ჩატარების უფლება მხოლოდ სპეციალური გადამზადების მქონე ფსიქოლოგებს აქვთ.



წყარო:

Белый Б.И. Тест Роршаха: практика и теория SIS Journal of Projective Psychology & Mental Health; Chandigarh Vol. 23, Iss. 2, (Jul 2016): 122-124

65 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now