Search

რა არის ცნობიერება?

Updated: May 28

რა არის ცნობიერება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთმნიშვნელოვნად, გადაჭრით შეუძლებელია. ფროიდი, იუნგი, პიერ ჟანე, ისინი ფსიქიკას შრეებად ჰყოფენ და ცნობიერებას ფსიქიკის უმთავრეს ფუნქციად მოიაზრებენ. ცნობიერება იუნგმა, მეტაფორულად მდინარეს შეადარა, რომელიც სულ მოძრაობაშია. თუმცა, ზოგადი დახასიათებით, ფსიქიკური სამყარო განცდების სამყაროა. განცდა შინაგანი ცხოვრების პირველადი ფაქტია. როდესაც ჩვენ ვხედავთ, გვესმის, გვცივა ან გვშია, რაიმე წარმოდგენა ან აზრი გვაქვს, ეს ყველაფერი განცდებია. შესაბამისად, ფსიქიკის აღმოცენება ცოცხალ ორგანიზმში სხვა არაფერია თუ არა განცდის მრავალფეროვნების გაჩენა. საიდან მოდის განცდა? ლოგიკურია განცდა თავისით არ ჩნდება, ისიც აუცილებლად რაღაც პროცესის შედეგია, რომელთანაც ერთ მთლიანობას ქმნის. ისეთი განცდები, როგორც უკვე ზემოთაა აღნიშნული (ვხედავთ, გვესმის, გვშია და ა.შ.) სხვადასხვა ფსიქიკური პროცესის შედეგია: შეგრძნება- აღქმა, მოთხოვნილება, გრძნობა, მეხსიერება და აზროვნება. რას ემსახურება ეს ფსიქიკური პროცესები? ეს ფსიქიკური პროცესები, უკლებლივ ყველა, მომართულია ცოცხალი არსების ქცევის, მოქმედების განხორციელებაზე. ქცევა კი ხორციელდება ადაპტაციის გზით, ფსიქიკა ადაპტაციის ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს. ქცევა და ფსიქიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. რა დროს ხორციელდება გაცნობიერებული ქცევა და რა დროს იმპულსური? ჩვენი ფსიქიკური ცხოვრება ორი გზით მიმდინარეობს: იმპულსური და ცნობიერების მიმართულებით. ჩვენ აქტივობათა ნაწილს არაცნობიერად, იმპულსურად ვახორციელებთ, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარეობს ობიექტივაციით (დაკვირვებით, გაანალიზებით). როდესაც იმპულსურად ვიქცევით საკმარისია გაჩნდეს რაიმე პრობლემა, რომელიც ავტომატურად არ წყდება და მაშინვე ირთვება ცნობიერების რეჟიმი.

გამოყენებული ლიტერატურა: იმედაძე ი. "ფსიქოლოგიის საფუძვლები", 2007.

12 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now