Search

რა არის შიზოფრენია? - ინტერვიუ ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილთან



რა არის შიზოფრენია?


შიზოფრენია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. ცნობილი მწერალი ჯეიმს ჯოისი, რომლის ქალიშვილს, ლუსიას, შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, ასე ახასიათებდა შიზოფრენიას: ”ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ცნობილია ადამიანისთვის და უცნობია მედიცინისთვის”.

ზოგადად, მსოფლიოში შიზოფრენიის დიაგნოზი პოპულაციის დაახლოებით 1%-მდე აღენიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 21 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ეს დიაგნოზი.


შიზოფრენია თავის ტვინის ფუნქციონირების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს და უპირატესად ახასიათებს სხვადასხვა სიმწვავის, განმეორებადი ან უწყვეტი ფსიქოზური ეპიზოდები, რასაც თან ახლავს კოგნიტური ფუნქციებისა და ფსიქო-სოციალური უნარ-ჩვევების დაქვეითება. ზოგიერთი ავადმყოფი მწვავე ეპიზოდებს შორის შედარებით ნორმალურ ცხოვრებას ეწევა, სხვა შემთხვევებში - აშლილობის ეს თუ ის სიმპტომი მუდმივად რჩება.

მედიკოსები გამოყოფენ შიზოფრენიის სიმპტომთა ორ ჯგუფს: პოზიტიურს და ნეგატიურს. ის სიმპტომები, რომლებიც ფსიქიკური დარღვევის შედეგად ჩნდება (მაგ. ჰალუცინაციები, ბოდვა), იწოდება “პოზიტიურად.” იმ ნიშნებს კი, რომლებიც დაავადების პროცესში იკარგება (მაგ., ენერგიისა და მოტივაციის დაკარგვა), “ნეგატიურს” უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური სიმპტომები შეიძლება მკურნალობითაც იყოს გამოწვეული.

ზოგადად, შიზოფრენიის აქტიური ფაზისათვის დამახასიათებელია: ბოდვითი აზრები, ჰალუცინაციები, დეზორგანიზებული მეტყველება, რაც გულისხმობს საუბრის თემიდან გადახვევას და/ან მსმენელთათვის აზრსმოკლებულ, არათანმიმდევრულ მეტყველებას; გამოხატული დეზორგანიზებული ან კატატონური ქცევა, ნეგატიური სიმპტომები (მაგ.: გასადავებული აფექტი, აბულია, ალოგია) და სხვა.

შიზოფრენიით ავადდებიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები, თუმცა მისი გამოვლენა იშვიათია ბავშვობის ასაკში. უპირატესად, იგი გვიანი მოზარდობისა და ადრეული ზრდასრულობის პერიოდში დიაგნოსტირდება, დაწყების პიკური ასაკით ‒ 15-25 წ.წ. მამაკაცებსა და 25-35 წ.წ. ‒ ქალებში (მამაკაცებში და ქალებში ავადობა ერთნაირია).

რიგ შემთხვევებში შიზოფრენია დასაწყისში ისე ნელა ვითარდება, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერავინ ამჩნევს ავადმყოფის ქცევაში რაიმე უჩვეულოს. მსგავსი დინამიკა ახასიათებს მდორე დასაწყისს, ანუ შიზოფრენიის შემპარავ ფორმას. შიზოფრენია შეიძლება გამოვლინდეს უეცრად, ქცევის მკვეთრი დარღვევით, რაც რამდენიმე კვირაში, ან ზოგჯერ – დღეშიც კი ხდება. მსგავსი მოულოდნელი ცვლილებები ახასიათებს შიზოფრენიის სწრაფ ანუ უეცრად დაწყებულ ფორმას. როცა ეს სინდრომი მწვავედ და მოგვიანებით ასაკში იწყება, პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა.


როგორია მისი ეტიოლოგია?


შიზოფრენიის ეტიოლოგია სრულად ამოხსნილი არ არის. მრავალი წლის განმავლობაში კვლევები გრძელდება შიზოფრენიის ნეირობიოლოგიური და ქიმიური მექანიზმების ამოსახსნელად.

დღეს დადასტურებულია, რომ შიზოფრენია არის ბიოლოგიური წინასწარგანწყობის, ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოს ურთიერთქმედების შედეგი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ტვინის განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შიზოფრენიის რისკის დაახლოებით 80% მემკვიდრეობით გადადის, მაგრამ გენები, რომლებიც უკანასკნელი პერიოდში გამოჰყვეს, დაავადებას კი არ განსაზღვრავს, არამედ დაავადების რისკ-ფაქტორებია. ძალზე მნიშვნელოვანია გარემოს გავლენაც, რაც მოქმედებს მუცლადყოფნის პერიოდიდან და შემდგომაც და, გენეტიკურ წინაგანწყობასთან ერთად, განაპირობებს ნეიროგანვითარების შეფერხებას, რაც დაავადების სიმპტომების განვითარების უშუალო მიზეზადაა მიჩნეული. როგორც ჩანს, დაავადების დაწყებასა და მიმდინარეობაზე ასევე უდიდეს გავლენას ახდენს ფსიქოსოციალური ფაქტორები, რაც ახლო წარსულამდე, გარკვეულწილად, უგულებელყოფილი იყო.

დაკვირვებებმა ასევე ცხადჰყო, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანების თავის ტვინი, საკონტროლო ჯგუფების თავის ტვინისგან გარკვეული სტრუქტურული თავისებურებებით განსხვავდება. კერძოდ, ტვინის ნეიროვიზუალიზაციით შიზოფრენიის დროს ვლინდება ტვინის მოცულობის შემცირება, ლატერალური და მესამე პარკუჭების გაფართოება, ქერქის რუხი ნივთიერების შემცირება და სხვა. როგორც კვლევებმა აჩვენა, შიზოფრენიის დროს თავის ტვინის მოცულობა, ნორმასთან შედარებით, მცირეა და აღინიშნება ლოკალური სტრუქტურული და ფუნქციური განსხვავებები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამ სინდრომს განსაზღვრავს თავის ტვინის სხვადასხვა უბანს შორის და უბნებს შიგნით არსებული საკომუნიკაციო სისტემის დარღვევები. მწვავე სიმპტომები, როგორც ჩანს, ასოცირებულია დოფამინის მომატებულ ნეიროტრანსმისიასთან, ხოლო კოგნიტური დაქვეითება - პრეფრონტალურ ქერქში დოფამინის დეფიციტურ აქტივობასთან. ორივე დარღვევა შეიძლება იყოს მეორადი და გამოწვეული გლუტამატური სისტემის არასწორი ფუნქციონირებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიის ეტიოლოგიასთან დაკავშირებული რამდენიმე დასაბუთებული მოსაზრების არსებობის მიუხედავად, პრობლემის ეტიო-პატოგენეზის ინტერპრეტაცია მაინც, გარკვეულწილად, ბუნდოვანია.


შიზოფრენიის რა სახეები არსებობს?


შიზოფრენია - ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც მრავალი არაერთგვაროვანი გამოვლინება აქვს, არ შეიძლება ერთ დაავადებად განვიხილოთ. ის უფრო სინდრომს წარმოადგენს, რომელსაც სიმპტომთა სხვადასხვაგვარობა და მრავალფეროვნება ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციები გამოყოფდნენ შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმებს, რომელთა დიფერენცირება მთავარი, დომინანტური სინდრომის მიხედვით ხდებოდა:

პარანოიდული შიზოფრენია - აშლილობის ფორმა, რომელიც უპირატესად ხასიათდება ბოდვითი აზრებით (მაგალითად, დევნის, დამოკიდებულების, ზემოქმედების იდეები), სხვადასხვა ჰალუცინაციებით (მაგალითად, სმენითი ჰალუცინაციები, რომელთა შინაარსია ავადმყოფის ქცევის კომენტარი ან "ხმების" მიერ პაციენტის ქმედებების განხილვა), სიმბოლური აზროვნებით და სხვა.

ჰებეფრენული შიზოფრენია - გამოხატულია ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტიობის დაქვეითება, აფორიაქება, სიტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ჰალუცინაციები და ბოდვითი იდეები არამყარი და ფრაგმენტულია. მოქმედებებისას შეინიშნება უპასუხისმგებლობა, მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, მანერულობა, ჯამბაზობა და მანერულობა.

კატატონური შიზოფრენიის დროს გამოკვეთილია ფსიქომოტორული დარღვევები, რომელიც მერყეობს ჰიპერკინეზებსა და სტუპორს შორის; გამოხატულია ავტომატური მორჩილება ან ნეგატივიზმი. იძულებითი პოზები და მოძრაობები კლინიკურ სურათში შესაძლოა შენარჩუნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დამახასიათებელია იმპულსური აგზნების ეპიზოდები. კატატონიურ ფენომენებს შეიძლება თან სდევდეს სიზმრისმაგვარი მდგომარეობები, მკაფიო, სცენური ჰალუცინაციებით.

მარტივ შიზოფრენია თანდათანობით ვითარდება, გამოხატულია აქტივობის, მოტივაციის და სოციალური ინტერესების დაქვეითება, ავადმყოფი ხდება კარჩაკეტილი, განმარტოვებული, უინიციატივო. ფერმკრთალდება და კნინდება ემოციები.

უახლესმა კლასიფიკატორულმა სისტემებმა (DSM 5 და ICD-11) კატატონია შიზოფრენიის ერთ – ერთი ქვესახეობიდან ერთ-ერთი ორგანულ დარღვევად „აქცია“ და ორგანული კატატონიური აშლილობის სახელი მისცა. ამით დარგის ექსპერტებმა აღიარეს ფაქტი, რომ კატატონიის სინდრომი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დროსაც და, ამდენად, კლასიფიკატორს ახალი დიაგნოსტიკური ჯგუფი, კატატონიის სახელწოდებით, დაემატა. ამავდროულად, ICD-11– ში. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ გაუქმებულია შიზოფრენიის ყველა სახეობები და ეს ფსიქიკური აშლილობა ერთიან პრობლემად არის წარმოდგენილი.


ქ. ნინო, თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირად გვხვდება ეს დაავადება საქართველოში?


მსგავსად სხვა ქვეყნების გამოცდილებისა, შიზოფრენია, სავარაუდოდ, საქართველოშიც მოსახლეობის დაახლოებით 1%-ში უნდა იყოს, თუმცა სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან არსებული სტიგმის გამო, ოჯახები ხშირად უარს აცხადებენ ფსიქიატრებთან ოფიციალურ მიმართვასა და დინამიურ მეთვალყურეობაზე. თუ ციფრები გაინტერესებთ, 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში შიზოფრენიის მქონე 12 083 ადამიანია.


ვინ წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს?


შიზოფრენიის მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებსაც გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა და ცხოვრება სტრესულ გარემოში უწევთ. მაღალი რისკის შემცველია გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირთა მიერ კანაბინოიდების მოხმარება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში. ბავშვობისდროინდელი ტრავმა, როგორიცაა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მშობლების დაკარგვა ან განქორწინება, მშობლების მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და სიღარიბე - როგორც ჩანს, შიზოფრენიის განვითარების კიდევ ერთი პოტენციური რისკის ფაქტორია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შიზოფრენიის რისკი ყველაზე მაღალია იმ ემიგრანტებს შორის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ახდენენ სოციალურ ინტეგრაციას და შემდგომში, მათ ცხოვრება უწევთ სიღარიბესა და სოციალურ გარიყულობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, გართულებებს მშობიარობის პროცესში, მუცლადყოფნის პერიოდში დედის სწორ კვებას და დე-ვიტამინის დეფიციტს, მამის ხანდაზმულ ასაკს, სოციალურ მარცხს, პრემორბიდულად ინტელექტის დაბალ კოეფიციენტს, რაც ადაპტაციის პროცესებს ართულებს და სხვა.

რა სტერეოტიპები გვხვდება ამ დაავადებასთან დაკავშირებით?


ყველაზე გავცელებული სტერეოტიპი შიზოფრენიასთან დაკავშირებით არის, წარმოდგენა რომ ამ დიაგნოზის მქონე ყველა პირი გარშემომყოფებისთვის საშიშია და აუცილებლად დანაშაულს ჩაიდენს. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების უმეტესობა არასოდეს გამოავლენს რაიმე სახის საშიშ ქცევას და, თუ ამას სჩადიან, ბევრად უფრო მეტ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ადამიანებს, რადგან ამ სინდრომის დროს უფრო ხშირია თვითდესტრუქციული ქცევები (მაგალითად, სუიციდის მცდლობა შემთხვევაა 50%-ში). შზოფრენიის შესახებ არსებობს კიდევ სხვა მრავალი ცრურწმენა, მაგალითად, თითქოს შიზოფრენია გადამდებია ან დაავადება თანდაყოლილია, რომ დიაგნოზი განაჩენია და მკურნალობა შედეგს არ იძლევა. სწორედ ამ მითების ზეგავლენით ყალიბდება საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემებს უყენებს მოთხოვნას, რომ შიზოფრენიით დიაგნოზირებული პირები მუდმივად ამყოფონ ფსიქიატრიულ სტაციონარში. დიახ, წარსულში, მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე შიზოფრენიის ქრონიკული ფორმით დაავადებულთა მკურნალობა ტარდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სადაც პაციენტები ხშირად წლების მანძილზე რჩებოდნენ. ამჟამად, ანტიფსიქოზური პრეპარატების წყალობით, მრავალი ავადმყოფი, რომლებიც უწინ ჰოსპიტალიზებულნი იქნებოდნენ, საზოგადოებაში ცხოვრების საშუალებას იძენს. მაგრამ ავადმყოფის მოვლაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე აწვება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ხშირად არ არიან მზად იმისათვის, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე ზიდონ იმ პრობლემათა ტვირთი, შიზოფრენიით დაავადებულის მოვლასთან რომ არის დაკავშირებული.



წყარო:

1. Davis J., Eyre H., et al (2016) - A review of vulnerability and risks for schizophrenia: Beyond the two hit hypothesis. Neurosci Biobehav Rev. 2016 Jun; 65: 185–194.

2. Gaebel W. (2012) Status of Psychotic Disorders in ICD-11. Schizophrenia Bulletin, Volume 38, Issue 5, September 2012, pp. 895–898

3. ICD 11 (2018) – WHO

4. Kaplan and Sadock’s Comprehensive Textbook of Psychiatry, 10th Edition;

5. გელდერი მ, ჰარისონი პ., ქოუენი ფ. (2012) ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

6. ფსიქიატრიული პაციენტის საექთნო მართვა (2020) სასწავლო მასალა შექმნილი სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსისა“ და EBRD-ის მხარდაჭერით

7. ჯანმო (1992) შიზოფრენია (ინფორმაცია ოჯახებისთვის) WHO, Division of MH & WHO Initiative of Support to People Disabled by Mental Illness. (‎1992)‎. Schizophrenia: information for families. World Health Organization. https://apps.who.int/iris/handle/10665/61071

2,693 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now