Search

რა არის ფსიქიკა?

Updated: May 28



უცნაური არ იქნება თუ ფსიქოლოგიასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარს დავიწყებთ იმით, თუ რა არის საერთოდ ფსიქიკა. ფსიქიკა (ბერძ. Psychikos - სულიერი) ტვინის განსაკუთრებული თვისებაა, რაც გამოიხატება გარე სამყაროს ასახვაში. ეს არის ადამიანის სულიერ ძალთა, შესაძლებლობათა ერთობლიობა.

მისი სხვადასხვა განმარტება არსებობს: ფსიქიკა - ადამიანის სულიერი პროცესების ერთობლიობაა გარე სამყაროსთან ურთიერთობისას. ეს არის სუბიექტის მიერ ობიექტური რეალობის ასახვის აქტიური ფორმა, რომელიც წარმოიშვება მაღალორგანიზებული ცოცხალი არსებების გარე სამყაროსთან ურთიერთობის საფუძველზე და ხორციელდება მათ ქცევებსა და ქმედებებში, არის მაღალორგანიზებული მატერიის თვისება - სუბიექტის მიერ ობიექტური სამყაროს ასახვა და თავისი ქცევისა და მოქმედებების თვითრეგულაცია. ფსიქიკა -ადამიანის დონეზე იძენს თვისობრივად ახალ ხასიათს ,მისი ბიოლოგიური ბუნება სოციოკულტურული ფაქტორებით გარდაიქმნება და პიროვნება ხდება ინდივიდი.


ფსიქიკის შესახებ ცოდნა იცვლებოდა ასწლეულების მანძილზე, ვინაიდან ეს ცოდნა ეხებოდა ძირეულ ფილოსოფიურ საკითხებს, ადამიანის ყოფიერების მატერიალურ და სულიერ საფუძვლებს. მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიკა აღინიშნებოდა ტერმინით-„სული“.არისტოტელეს მიხედვით სული განიხილებოდა, როგორც ცოცხალი სხეულის არსებობის ფორმა - ამ მოსაზრებასთან ერთად ჩამოყალიბდა მიმართულება, რომელიც წარმოადგენდა მას, როგორც უსხეულო არსებას და სხვადასხვა რელიგიური სწავლებების მიხედვით დამოკიდებულია არამატერიალურ საწყისზე.


ამის საწინააღმდეგოდ, ძველ საბერძნეთში არსებობდა შეხედულება, რომ ფსიქიკური განცდები და ფსიქიკური დაავადებები დაკავშირებულია ადამიანის სხეულის გარკვეულ ორგანოსთან. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ეს ორგანო იყო ღვიძლი, შემდგომ კი - გული (რომელიც ახლაც სიყვარულის ორგანოდ ითვლება). ამჟამად ფსიქიკა განიხილება ტვინის, როგორც მაღალორგანიზებული მატერიის უნარი ასახოს ობიექტური რეალობა და მოახდინოს ადაპტაცია გარემოში. ფსიქიკას ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა მთლიანობა, აქტიურობა, განვითარება, ადაპტაცია და სხვ. იგი კავშირშია სომატურ (სხეულის) პროცესებთან. ფსიქიკის უმაღლესი ფორმა არის ცნობიერება, რომელიც მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა. ის მთლიანი ფენომენია, თუმცა პირობითად შეიძლება გამოვყოთ მისი ცალკეული სფეროები, რომლებიც განსხვავებულ, დიფერენცირებულ ფუნქციებს ასრულებენ. ეს არის ოთხი სფერო: ინტელექტი, ემოციური, ნებითი და ცნობიერების სფეროები.

38 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now