Search

რა არის ნევროზი?



ნევროზი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრამვის ან ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის ფონზე.

ეს არის ფსიქოგენური, ფუნქციური და შექცევადი მოშლილობების ერთობლიობა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით და იწვევს სოციუმთან ადაპტაციის დარღვევას.


ნევროზის განვითარების მიზეზი უმეტესწილად არის საკუთარ პიროვნებასთან ან გარემოსთან კონფლიქტი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური სტრესი, ემოციური, ინტელექტუალური თუ ფიზიკური გადაძაბვა, ხანგრძლივი ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაცია (მაგ. ალკოჰოლიზმი) და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები. გარკვეულწილად ყურადსაღებია მემკვიდრული წინასწარგანწყობაც.


როგორ ვითარდება ნევროზი?


ნევროზის განვითარების ძირითადი მექანიზმია თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლა. მწვავე ან ქრონიკული სტრესული სიტუაციების ფონზე ირღვევა ინტეგრაციული პროცესები თავის ტვინში, კერძოდ, ე.წ ლიმბურ-რეტიკულურ სისტემაში, უპირველეს ყოვლისა ჰიპოთალამუსში, ვითარდება ისეთი ჰორმონების თანაფარდობის დარღვევა, როგორიცაა სეროტონინი და დოფამინი (,,ბედნიერებისა და სიამოვნების’’ ჰორმონები), ადრენალინი

(,,შიშის’’ ჰორმონი), ნორადრენალინი (,,მძვინვარების“ ჰორმონი). დისბალანსს ამ ჰორმონებს შორის მივყავართ გარემოსთან ადაპტაციის დარღვევამდე.


როგორ ვლინდება ნევროზი?


ნევროზი ვლინდება ძირითადად ფსიქოგენური და სომატური (შინაგანი ორგანოების) ხასიათის სიმპტომატიკით.

ფსიქოგენური სიმპტომატიკა წარმოდგენილია შფოთვით, დაღლილობით, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობით, არასრულფასოვნების კომპლექსით ან პირიქით, გადაჭარბებული თვითშეფასებით, შრომის უნარის დაქვეითებით, უძილობით.

სომატური დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს გულის აჩქარებითა და ტკივილით გულის არეში, არტერიული წნევის აუხსნელი ცვალებადობით, ოფლიანობით, გულის წასვლის ეპიზოდებით. არცთუ იშვიათია ტკივილი სხვადასხვა მიდამოში (თავის, მუცლის, კიდურების და სხვ.), თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები ორგანული დაზიანების გარეშე.


ნევროზი კლინიკურად ვლინდება მრავალფეროვანი სიმპტომებით და შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა კლასიფიკაცია, ძირითადად გამოყოფენ შემდეგ ტიპებს:


· ნევრასთენია - გაღიზიანებულობა, თვითკრიტიკის დაქვეითება და სხვა.

· ისტერია - ამ დროს ხდება ნებისმიერი დაავადების სიმულაცია.

· აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - ადამიანი ვერ თავისუფლდება აკვიატებული აზრებისგან და უსაფუძვლო შიშებისგან.

· მოლოდინის ნევროზი - მუდმივად ნეგატიურის მოლოდინი.

· უსაფუძვლო ფობიები საგნებისა და მოვლენების მიმართ.

· ლოგონევროზი, იგივე ენაბლუობა.

· უნებლიე მოძრაობები ან არამოტივირებული ქცევების გადასვლა ჩვევაში.

· ორგანოთა ნევროზი - ორგანოს დაზიანების სიმულაციური სიმპტომები.



როგორ ხდება ნევროზის დიაგნოსტიკა?



ნევროზი შეიძლება იყოს პირველადი ან წარმოადგენდეს რომელიმე ფარულად მიმდინარე სომატური პათოლოგიის ფასადს, ამიტომ დიაგნოსტიკისას ანამნეზური მონაცემების პარალელურად საჭიროა სრულყოფილი ნევროლოგიური, სომატური და აუცილებელი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.

პრაქტიკულად ყოველი პიროვნება მეტნაკლებად აქცენტუირებულია (მიდრეკილია) გარკვეული თვისების ან თვისებების კუთხით და სწორედ ეს განსაზღვრავს ნევროზის ამა თუ იმ ფორმის ჩამოყალიბების ალბათობას.

მაგ. ეგოცენტრიზმისკენ აქცენტუირებულ პირებს მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ისტერიული ნევროზი, ლოგიკური აზროვნების მქონე პირებს აკვიატებების ნევროზი, ინტროვერტებს დეპრესიული ნევროზი და ა.შ.


ნევროზის კლინიკური გამოვლინებებია:


· უმიზეზოდ განვითარებული ემოციური დაძაბულობა

· უძილობა და უმიზეზოდ განვითარებული მუდმივი დაღლილობის შეგრძნება

· თავის ტკივილი, რომელსაც არა აქვს ორგანული საფუძველი

· მეხსიერების დაქვეითება

· საკუთარ თავში ჩაკეტილობა და გარემოში დეზორიენტაცია

· დაქვეითებული ან მომატებული თვითშეფასება

· არასტაბილური ხასიათი და ემოციები

· მგრძნობელობის მომატება და არაადეკვატური გაღიზიანება ხმაურზე, სინათლეზე, ტემპერატურის ცვლილებაზე.


ნევროზი ხასიათდება განმეორებითი, გახანგრძლივებული, ქრონიკული მიმდინარეობით. იგი მნიშვნელოვნად აქვეითებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს, ადაპტაციას გარემოში, რეალიზებას ცხოვრებაში. სწორი დიაგნოსტირებისა და ადექვატური მკურნალობის პირობებში 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა მართვადი და განკურნებადია.


ნევროზების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამომწვევი ფაქტორის (თუნდაც ბავშვობის დროინდელი პერიოდის) აღმოჩენას და მის აღმოფხვრას ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პრობლემასთან შეგუებას.


მკურნალობა წარმოებს 2 ძირითადი მიმართულებით:


- ფსიქოთერაპიული - უპირატესობა ენიჭება ე.წ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ მის ფსიქოლოგიური პრობლემას იწვევს არასწორი აზროვნება, მოვლენების არასწორი შეფასება და ეხმარება მას გარემოს აღქმისა და აზროვნების დისფუნქციური სტერეოტიპებისგან განთავისუფლებასა და სწორი გამოსავალის მოძებნაში. სამწუხაროდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის.


- მედიკამენტური - ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები, სიმპტომური და სხვა. წყარო:

https://aladashvili.ge/article/183/

43 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now