Search

რა არის დეპრესია?


რა არის დეპრესია? დეპრესია ფსიქიკური აქტივობის დათრგუნვაა, რომელიც ვლინდება ქცევის უკიდურეს პასიურობაში, თვითშეფასების დაქვეითებაში, ცხოვრებისეული პერსპექტივების უგულებელყოფაში, დარდებისა და სასოწარკვეთილების მყარ გრძნობაში, შფოთვის მაღალ ხარისხში. დეპრესია შეიძლება სერიოზული მიზეზი გახდეს ჯანმრთელობის დარღვევის, განსაკუთრებით, მაშინ როცა დიდხანს გრძელდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თვითმკვლელობაც შეიძლება გამოიწვიოს. ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონი თვითმკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, სხვადასხვა მიზეზებით (სამკურნალო რესურსების არ არსებობა, არაკვალიფიციური სამედიცინო სამსახური, დაგვიანებული ან არზუსტი დიაგნოსტიკა, სტიგმა და სხვა) დაავადებულთა თითქმის ნახევარი ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს გადაღლით, ან ნეგატიური ფსიქოგენური მოწმედებებით. მას XXI საუკუნის შავ ჭირსაც უწოდებენ. ეტიო-პათოგენეზში არაერთ მიზეზზე მიუთითებენ, თუმცა აქტუალურია დაავადებისადმი გენეტიკური მიდგომაც, კერძოდ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ასეთი გენი 5-ნტტ, რომელიც ტვინს სეროტონინის დაგროვებაში უწყობს ხელს, ხოლო ამ ნივთიერების ნაკლებობა ჩვენი ხასიათის გაუარესებას იწვევს. სეროტონინის რაოდენობას 5-ნტტ აკონტროლებს. აღმოჩნდა, რომ ვისაც მოკლე აქვს ეს გენი, იგი გამუდმებით დეპრესიას განიცდის. ამ ვერსიას ფართო აღიარება არ მოუპოვებია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ სეროტონინის საჭირო რაოდენობით მიღება ხელს შეუწყობს ადამიანის გუნება-განწყობის გაუმჯობესებას. დეპრესიისთვის დამახასიათებელია დარდი მომავალი საფრთხის დიფუზიური განცდით, ფიზიკური დაძაბუნების შეგრძნებით აწმყო და მომავალი შავ ფერებში ჩანს. წარსული აღიქმება, როგორც შეცდომების, ან ცოდვების ჯაჭვი. დეპრესიის დროს არაფერს მოაქვს სიხარული და ხალისი, ანდაც ეს გრძნობები მეტად ზედაპირულია. დეპრესიულ რეაქციას ახასიათებს მდგომარეობათა ფართო სპექტრი. მათგან გამოვყოფთ რამდენიმეს.

· კლასიკური დეპრესია

· ფარული შენიღბული დეპრესია

· შფოთიანი აჟიტაციური დეპრესია

· დეპრესიულ-პარანოიალური მდგომარეობები

· ასთენიური დეპრესია

· ადინამიური დეპრესია

· სუბდეპრესია

ტიპიური დეპრესიული ეპიზოდების დროს ადამიანი იმყოფება მოწყენილ ხასიათზე, უქვეითდება ინტერესი და არ გამოხატავს სიხარულს. სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებას მიჰყავს აქტივობის შემცირებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ ორი კვირა. ზოგი განიცდის შფოთვას, ძილისა და მადის დაქვეითებას, აქვს დანაშაულის შეგრძნება, უკიდურესად უღირს ადამიანად მიაჩნია თავს. სიმპტომების რაოდენობისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესიული ეპიზოდი შეიძლებე კვალიფიცირებულ იქნას, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე. ადამიანმა მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს შეიძლება შეძლოს ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება და საზოგადოებასთნ ურთიერთობა. მძიმე დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში კი ნაკლებად სავარაუდოა მის მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშაობისა და საოჯახო საქმის შესრულების უნარი. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტურია საშუალო და მძიმე დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა მათი გამოყენება მსუბუქი ფორმის დროს არ ითვლება პირველი რიგის თერაპიად. ანტიდეპრესანტები დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და არ მიიჩნევა პირველი რიგის თერაპიად ბავშვებსა და მოზარდებში. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას და მათი პროფილაქტიკა:

დეპრესიის განვითარება დამოკიდებულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების ურთიერთმოქმედების შედეგზე. დეპრესიამ თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს სტრესი, დაარღვიოს ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება, გააუარესოს სიტუაცია და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დეპრესიის უფრო მძიმე ფორმა.

არსებობს ურთიერთ დამოკიდებულება დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით. დადგენილია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის პროგრამების დანერგვა საგრძნობლად ამცირებს ამ დაავადებების ტვირთს. საჭიროა დეპრესიის პრევენციისათვის ადგილობრივ დონეებზე გათვლილი ეფექტური მიდგომები, მაგალითად სკოლებში ძალადობის თავიდან აცილების პროგრამები ან პროგრამები, რომლებიც გააუმჯობესებს ბავშვების შემეცნებით და სოციალურ უნარებს, აგრეთვე ასწავლის მათ პრობლემების გადაჭრას.

ძირითადი ფაქტები დეპრესიის შესახებ:

· დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს. მისგან, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან, 350 მილიონი ადამიანი იტანჯება.

· დეპრესია მსოფლიოში ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს და დიდი „წვლილი“ შეაქვს ფსიქიკური დაავადებების გლობალურ ტვირთში.

· დეპრესიით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები.

· დეპრესიის მძიმე ფორმამ ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს,

· დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები არსებობს. წყარო: www.ncdc.ge

25 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now