Search

ნორმა და პათოლოგია

Updated: May 28


რა არის ფსიქიკური დაავადება? რა არის ანომალიური ქცევა? რომელი გამოვლინება უნდა ჩაითვალოს ფსიქოპათოლოგიად და რომელი არა?

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს ნორმალური ფუნქციონირება, ნორმა და რა იგულისხმება ნორმიდან გადახრაში. ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირების კანონზომიერება განსხვავდება მისი სხეულის ფუნქციონირებისაგან, შესაბამისად სომატური და ფსიქიკური სფეროს დაავადების აღმოცენება და მიმდინარეობაც რადიკალურად განსხვავდება. როგორც აღვნიშნეთ, დაავადება გულისხმობს ადამიანის ორგანიზმის, ორგანოს ან ორგანოს ნაწილის ნორმალური, გენეტიკურად განპირობებული ფუნქციონირების დარღვევას, რასაც სხვადასხვა სახის გამოვლინებები - სიმპტომები მოყვება. ამ დარღვევების უმრავლესობა „არის-არ არის“ პრინციპით ვლინდება. მაგ., კუჭის წყლული ან არის, ან არ არის, მოციმციმე არითმია ან არის ან არ არის და ა.შ. ზოგიერთი მახასიათებელი, მაგ: არტერიული წნევა ან სიცხე კონტინუუმის სახით არის წარმოდგენილი - ძალიან დაბალი, დაბალი, საშუალო, მაღალი მაჩვენებლები. ამ შემთხვევაში პათოლოგიად ითვლება რაღაც კონკრეტული მაჩვენებლის, გარკვეულ ზღვარს მიღმა მაჩვენებელი. მაგ., არტერიული წნევის შემთხვევაში ჰიპერტონიად ითვლება მუდმივად 140-ზე მაღალი მაჩვენებელი; ასევე ანომალიურია სისტოლური 60-70 წნევა, თუმცა არიან ადამიანები, ვისთვისაც ნორმაა მუდმივად 90 სისტოლური ან 130-140 სისტოლური წნევა. შესაბამისად, პოპულაციისათვის საშუალო სტატისტიკური სისტოლური წნევაა 110. იგივე შეიძლება ითქვას სხეულის ტემპერატურაზეც: 35 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა, ისევე როგორც 38-ზე მაღალი - არ არის ნორმალური და ორგანიზმისთვის საშიშროებას წარმოადგენს. საშუალო სტატისტიკური ნორმალური ტემპერატურა პოპულაციაში 36 გრადუსია, თუმცა არიან ინდივიდები, ვისთვისაც ნორმაა 35 და 37 გრადუსიც კი. ფსიქიკურ სფეროში გამოვლინებათა უმრავლესობა კონტინუუმს წარმოადგენს, მაგალითად გუნება-განწყობის დაქვეითება სხვადასხვა ხარისხისაა, ისევე როგორც შფოთვა, შიში, ან ინტელექტი, თუმცა არის გამოვლინებები, ანუ სიმპტომები, რომლებიც კატეგორიული პრინციპით ვლინდება, მაგალითად ჰალუცინაცია ან ილუზია, ან არის, ან არ არის. მეორე მხრივ, ორგანოს ან მისი ფუნქციის დარღვევა სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს და ზოგ შემთხვევაში ეს არ იყოს პათოლოგია. მაგალითად, თუ კუჭის მუშაობას ავიღებთ, წყლული კუჭის ქსოვილის დაზიანებაა, რაც მის ფუნქციონირებას არღვევს და იწვევს კუჭის პათოლოგიას. კუჭის ფუნქციონირების დარღვევა შეიძლება არ იყოს გამოწვეული ქსოვილის დაზიანებით, მომატებული იყოს კუჭის წვენის სეკრეცია, რაც ასევე იწვევდეს კუჭის ფუნქციის დარღვევას - გულძმარვას, საჭმლის მონელების პრობლემას.ეს არ არის დაზიანება, მაგრამ დისფუნქციაა-ფუნქციის მოშლა. შესაძლოა ჯანმრთელი კუჭი გარკვეულ ვითარებაში დისტრესიის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგალითად, ერთდროულად ჭარბი საკვების მიღებამ შეიძლება კუჭის მუშაობა დროებით გაართულოს, თუმცა ეს არ იქნება დარღვევა და არც დისფუნქცია. ანალოგიურად იგივე შეიძლება ითქვას ფსიქიკურ სფეროზეც: ერთია დეპრესია- რაც გუნება-განწყობის ისეთ ცვლილებას გულისხმობს, რომელიც არღვევს ადამიანის ნორმალურ მდგომარეობას და შესაბამისად მის გარემოსთან ადაპტაციას. მეორეა -გუნება-განწყობის ისეთი დაქვეითება, რაც დისფუნქციონალურია, ართულებს ადამიანის გარემოსთან ადაპტაციას, მაგრამ არ იწვევს სრულ დარღვევას. ახლობლის დაღუპვით გამოწვეულ დისტრესს გუნება-განწყობის დაქვეითება მოჰყვება, მაგრამ ეს დროებითი რეაგირებაა სტრესზე და არა პათოლოგია. შესაბამისად, პათოლოგია-ანომალია ისეთი დარღვევაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მის გარემოსთან ადაპტაციას დროებით ან ხანგრძლივად. ფსიქიკურ სფეროში ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, ფსიქიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ იქნება სომატური დაავადების ანალოგიური. მაგალითად, შფოთვა ისეთი მდგომარეობაა, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანის გარემოსთან ურთიერთობისათვის, რადგან მას დაცვითი ფუნქცია აქვს. შფოთვის რა დონეა პათოლოგიური? რა გამოვლინებების შემთხვევაში აქვს ადამიანს შფოთვითი აშლილობა?

მაგალითად, ყველას გვქონია ეჭვიანი აზრები, ან ერთეული აკვიატებული აზრები თუ მოქმედებები, შიშიც ბევრს განგვიცდია, თუმცა პათოლოგიად ეს არავის ჩაუთვლია. აბა სად არის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის? როგორი ქცევები განიხილება ნორმიდან გადახრად? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა განვიხილოთ „ნორმის“ ცნება. ვეიქფილდის მიხედვით (Wakefield, 1992) ფსიქიკურ სფეროში ანომალიად, პათოლოგიად ჩაითვლება ადამიანის ფუნქციების მექანიზმების ისეთი დარღვევა, რომელიც მავნეა და საფრთხეს უქმნის ადამიანის კარგად ყოფნას, რაც სოციალური ღირებულებებითა და მნიშვნელობით არის განსაზღვრული“. ნორმიდან გადახრა ფუნქციონირების ისეთი დარღვევაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანის მიერ მისი ასაკის შესაფერისი სოციალური როლის განხორციელებას,საშიში და საფრთხის შემცველია ადამიანისათვის და მისი უახლოესი გარემოსათვის. ნორმა შესაძლებელია სხვადასხვა კუთხით იყოს გაგებული, კერძოდ: სტატისტიკური ნორმა, ფუნქციონალური ნორმა,იდეალური ნორმა , სოციალური, კულტურული ნორმა ,იურიდიული ნორმა ,ფსიქიატრიული ნორმა ,სუბიექტური ნორმა. სტატისტიკური ნორმა განისაზღვრება პოპულაციისათვის დამახასიათებელი ცენტრალური ტენდენციით, ანუ საშუალოთი, ის რაც საშუალოდ უმეტესობას ახასიათებს. პოპულაციაში ქცევა და სხვა ფსიქიკური გამოვლინება ნორმალურია, თუ ის უმეტესობას ახასიათებს. ანომალიაა ის, რაც იშვითად გვხვდება და უჩვეულოა.ბევრი თვისება პოპულაციაში ნორმალური განაწილების პრინციპს ექვემდებარება - ეს იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ნიშანი, თვისება მიუხედავად გარკვეული ვარიაციისა პოპულაციის უმეტესობაში გვხვდება. მაგალითად, ინტელექტის სტანდარტული მაჩვენებლის განაწილება ვექსლერის ტესტის მიხედვით. ნახატზე მოცემულია ინტელექტის მაჩვენებლის სტანდარტულ სკალაზე განაწილება პოპულაციაში. ეს განაწილება ნორმალურია და ყველაზე მეტი ინდივიდი მოთავსებულია -1 +1 სტანდარტული გადახრის დიაპაზონში, ანუ IQ 85-დან 115-მდე. 2.15% -სათვის დამახასიათებელი ნიშნები სკალის ქვედა და ზედა დიაპაზონში, ანუ -2+2 სტანდარტული გადახრის დიაპაზონში - უფრო იშვიათად გვხვდება; სხვა ნიშნები კიდევ უფრო იშვიათად, სკალის ქვედა და ზედა დიაპაზონის 0.13%-ში გვხვდება, ანუ გენიოსობა და გონებრივი ჩამორჩენა. შესაბამისად დევიაცია, ანუ გადახრა არის ის, რაც ზედა და ქვედა დიაპაზონის 0.13%-ს ახასიათებს. იგივე შეიძლება ითქვას, მაგ., აიზენკის ნეიროტიცზმზე. ნორმის საშუალო სტატისტიკური გაგების მიხედვით ფსიქიკური აშლილობა არის ის, რაც დევიანტურია, გადახრილია პოპულაციის უმრავლესობის ფსიქიკური ფუნქციონირებიდან და პოპულაციისათვის იშვიათ, უჩვეულო ნიშნებში ვლინდება. მაგ., ჰალუცინაცია, ან პერსევერაცია იშვიათი და უჩვეულო ფენომენია პოპულაციის უმეტესობისათვის, შესაბამისად, ის ანომალიაა. სტატისტიკურ მოდელში სერიოზული პრობლემაა საზღვრის დაწესება, რომელი მაჩვენებლის შემდეგ ითვლება კონკრეტული ფენომენი ანომალიად? მედიცინაში, როდესაც განსაზღვრავენ, მაგალითად, რაიმე ნივთიერების მავნე ზემოქმედების ხარისხს, ან რადიაციის.მიღებულია ე.წ. ფუნქციონალური ნორმა, ანუ გარემოში ნივთიერების ან რადიაციის ის მაჩვენებლები, რომლებიც უკვე მავნედ ზემოქმედებენ ადამიანზე და იწვევენ მისი ორგანიზმის/ორგანოების ფუნქციონირების მოშლას. ფსიქიკურ სფეროში ასეთი საზღვრის დაწესება მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული, პირობითი და ფარდობითია. ჩვენ შეიძლება ობიექტური, სტანდარტული საზომი გამოვიყენოთ კონკრეტული ფენომენის, მაგალითად, ინტელექტის ან შფოთვის შესაფასებლად, მაგრამ ნორმიდან გადახრის განსაზღვრა პირობითია სტანდარტულ სკალაზეც კი. მაგალითად,რატომ არის ანომალია 2 სტანდარტული გადახრა და არა 2.5 სტანდარატული გადახრა? რატომ არის მოსაღვრე მდგომარეობა კონკრეტული მაჩვენებელი ინტელექტის შემთხვევაში 79-70 და არა სხვა მაჩვენებელი და ა.შ. იდეალური ნორმა უფრო ფილოსოფიური კატეგორიაა - სხვადასხვა მსოფლმხედველობრივ და ფილოსოფიურ სისტემებში სრულყოფილების განსხვავებული გაგებაა. შესაბამისად განსხვავებულია იდეალური, სრულყოფილი ადამიანის თვისებები და მახასიათებლები. ამ კონტექსტში ანომალიური, დევიანტურია ის, რაც არ შეესაბამება იდეალს. ხშირად სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიები სწორედ იდეალურ ნორმას მოიაზრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნების ქვეშ. მაგ., ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით ფსიქიკური ჯანმრთელობა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: თვით- აქტუალიზაცია, სტრესისადმი მდგრადობა, ავტონომია, კომპეტენცია და რეალობის აღქმა. აღმოჩნდება, რომ ყველა ეს კრიტერიუმი საკამათო და ბუნდოვანია. მაგალითად, ავტონომიის ცნება- რამდენად ავტონომიური უნდა იყოს ადამიანი? პიროვნება, რომელსაც ეს თვისება უკიდურესად გამოხატული აქვს, შიზოიდურ ტიპად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე - კომპეტენციაც, ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და გაუგებარია რა ხარისხის კომპეტენტურობის განცდა ითვლება ჯანმრთელად. სოციალური ნორმაა საზოგადოებაში დამკვიდრებული კონკრეტული კულტურისა და სოციუმისათვის მიღებული ქცევის ნორმები და წესები, რომლებიც ამ საზოგადოებაში გავრცელებულ ღირებულებებს ეფუძნება.


საზოგადოებები და კულტურები განსხვავდებიან ადამიანის ქცევის ინტერპრეტაციით - ის რაც მისაღებია და ნორმაა ერთ კულტურაში, მიუღებელია სხვაში და შესაბამისად აღიქმება როგორც გადახრა, დევიაცია.შესაბამისად სოციალური, კულტურული ნორმა ღირებულებებსა და რწმენებს, კონკრეტული საზოგადოების ისტორიულ პრაქტიკას ეფუძნება. ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით, ანომალური ქცევა, ფსიქოპათოლოგია მეცნიერული ცნება კი არ არის, არამედ ღირებულებითი კატეგორიაა - ის რაც მიუღებელია - ანომალიურია. მაგალითად, საბჭოთა კავშირში მიუღებელი იყო ოპოზიციური აზრის გამოთქმა და სოციალური კონტროლის გავრცელებული მეთოდი იყო დისიდენტი პიროვნებების სულით ავადმყოფებად გამოცხადება. საბჭოთა ფსიქიატრიაში ტერმინიც კი არსებობდა: „დუნედ მიმდინარე შიზოფრენია“. ადამიანს, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი და არსებული ვითარების გარდაქმნა სურდა დააბრალებდნენ, რომ ის შეპყრობილია საზოგადოების გარდაქმნის ბოდვით და გაამწესებდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სწორედ ამიტომ, სოციალური ფსიქიატრიის ფუძემდებელი სასი (Szasz, 1977) თვლიდა, რომ ფსიქოპათოლოგიის ცნება მეცნიერული კონსტრუქტი კი არა სოციალური კონსტრუქტია, ღირებულებითი იარლიყია და საერთო არაფერი აქვს ადამიანების შესახებ ფსიქოლოგიური ფაქტების ობიექტურ აღწერასთან.როგორც ყველა სხვა სოციალური კონსტრუქტი, ფსიქოლოგიური ნორმალურობისა და პათოლოგიურობის კონსტრუქტები ღირებულებებზეა დაშენებული, ემსახურება ინდივიდთა გარკვეული ჯგუფებისა და ინსტიტუციების ძალაუფლების განმტკიცებას და სოციალური წესრიგის დამყარების საშუალებაა. ფსიქიატრი მ. ვილსონი (1993) თვლიდა, რომ ფსიქიკური ნორმისა და პათოლოგია მრავალგანზომილებიანი ფენომენია, ფსიქიკური აშლილობა რეალურად სამედიცინო მდგომარეობა კი არ არის, არამედ უფრო სოციალური, პოლიტიკური და იურიდული პრობლემაა,ამიტომ ძნელია მკაფიო ზღვარი გაატარო ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აშლილობას შორის. იურიდიული ნორმა დაკავშირებულია პიროვნების შერაცხადობის და ქმედუნარიანობის ცნებასთან, ანუ საკუთარი ქცევის კონტროლისა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხთან. ფსიქიკური აშლილობის საკუთრივ იურიდიული განმარტება არ არსებობს, ამიტომ იურიდიული ნორმის გაგება ეყრდნობა სამედიცინო/ფსიქიატრიულ და ზოგჯერ სოციალურ გაგებასაც. იურიდიული ნორმა განსაკუთრებით აქტუალურია დანაშაულის კვალიფიკაციისა და ინდივიდის დამოუკიდებელი ფუნქციონირების საკითხის განსაზღვრისათვის. იურიდიულად ფსიქიკურად ნორმალურია ინდივიდი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აკონტროლებს თავის ქცევას, აცნობიერებს და პასუხს აგებს თავის ქმედებებზე. ამ შემთხვევაშიც, საკმაოდ პირობითი და ბუნდოვანია საკუთარი ქმედების გაცნობიერებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ცნებები.

აღმოჩნდება, რომ პიროვნების ქმედუნარიანობის განსაზღვრაზე დიდ გავლენას ახდენს ნორმის სოციალური გაგება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში ნორმის ფსიქიატრიული გაგება. ფსიქიატრიული ნორმა ნეგატიური განმარტებაა - ის, რაც არ არის ფსიქოპათოლოგია. ნორმაა ადამიანის ისეთი ქცევითი გამოვლინებები, რომლებიც საშუალოდ ტიპურია პოპულაციისათვის, არ იწვევენ ინდივიდის და გარშემომყოფების დისტრესს და რომლებიც ხელს არ უშლიან ადამიანს გარემოსთან შეგუებაში. ფსიქიატრიაში მიღებული სამედიცინო მოდელის მიხედვით გადახრა, ანუ დევიაცია ბიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგია, რომელიც იწვევს პათოლოგიას, რაც გარკვეული ნიშნების ერთობლიობაში ვლინდება. ჩარევა და მკურნალობა ასევე ბიოლოგიური/ფიზიკური გზით უნდა მოხდეს, ანუ მედიკამენტების გამოყენებით. სუბიექტური ნორმა: ადამიანი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას, მას აქვს გარკვეული ცოდნა, გარემოსთან ურთიერთობის თავისი სტილი და ა.შ. დაავადება ზოგჯერ აფერხებს ინდივიდის ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს, ხელს უშლის მას თავისი ასაკის შესაფერისი როლის შესრულებაში და თავისი მიზნების განხორციელებაში. პრემორბიდი არის ინდივიდის ავადმყოფობამდელი მდგომარეობა, როგორი იყო ის, სანამ პრობლემები შეექმნებოდა? სუბიექტური ნორმა სწორედ არის ის, რაც კონკრეტული ინდივიდის პრომორბიდს შეადგენს: განათლება, გამოცდილება, ცხოვრების სტილი, ინტერესები, ცოდნა, კომუნიკაციის უნარი და ა.შ. ანომალია, გადახრა და პათოლოგია არის ის, რაც კონკრეტული ინდივიდისთვის არ არის დამახასიათებელი მის ავადმყოფობამდელ გამოცდილებასთან, პრემორბიდთან შედარებით. ამ შემთხვევაში ინდივიდის სტატისტიკურ ნორმას, ჯგუფს კი არ ვადარებთ, არამედ საკუთარ თავს შეუძლოდ ან ავად გახდომამდე. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ, მაგალითად, დემენციის დაწყებისას ზოგიერთი ინდივიდის ჯგუფთან შედარება არ იძლევა რეალურ სურათს. ძალიან მაღალი შესაძლებლობების მქონე ინდივიდების იდენტიფიკაცია ამ გზით შეუძლებელია. თუკი ასეთ ინდივიდს საკუთარ თავს შევუდარებთ ჩივილების დაწყებამდე: მაგალითად,როდესაც ინდივიდი ჩივის, რომ მას ძალიან კარგი მეხსიერება ჰქონდა და დაუქვეითდა, თუმცა ჩვენი შეფასებით ის ნორმის ფარგლებშია. გამოყენებული ლიტერატურა: გაგოშიძე თ, "პათოფსიქოლოგიის საფუძვლები"

29 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now