Search

ნეიროფსიქოლოგიის ისტორია


ნეიროფსიქოლოგიის ისტორია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე, თვით ეს მეცნიერება. ნეიროფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი დარგი მე–20 საუკუნის 40–50–იან წლებში ჩამოყალიბდა, მე–2 მსოფლიო ომის შემდეგ.


მანამდე, კი საუკუნეების განმავლობაში ფილოსოფოსებს და მეცნიერებს აინტერესებდათ საუდუმლოებით მოცული მიმართება ჩვენ ფსიქიკას და ფიზიკას, სულსა და სხეულს შორის. ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფოსოები ცდილობდნენ მოეძებნათ ფსიქიკური ფენომენების მატერიალური სუბსტრატი.


ფილოსოფიური და შემდგომ ნევროლოგიური აზრი ფსიქომორფოლოგიზმის მიმართულებით ვითარდებოდა. ეს შეხედულება გულისხმობს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების მისი სხეულის სხვადასხვა სუბსტრატში, უპირატესად თავი ტვინში პირდაპირ ლოკალიზებას. ფსიქომორფოლოგიურ შეხედულებებს სხეულისა და ფსიქიკის ურთიერთმიმართების შესახებ თავისი ისტორიული განვითარების ლოგიკა და კრიზისის პერიოდი აქვს.

ანტიკური ფილოსოფოსები ფსიქიკის ფიზიკურ ადგილად ადამიანის სხვადასხვა ორგანოს მოიაზრებდნენ.


ემპედოკლე (მე-5 საუკუნე ჩვ. წ.-მდე) გულის ჰიპოთეზის ფუძემდებელი იყო და მიაჩნდა, რომ ადამიანის შემეცნებითი პროცესები გულშია ლოკალიზებული. არისტოტელეც თვლიდა, რომ ფსიქიკური პროცესები გულშია ლოკალიზებული, ვინაიდან გული თბილი და აქტიურია. ჰიპოკრატეს და კროტონს (მე–5 საუკუნე ჩვ.წ.–მდე) ფსიქიკის ორგანოდ თავის ტვინი მიაჩნდათ, მაშინ როცა გული გრძნობის ორგანოდ ითვლებოდა. პლატონი ((427-347 ჩვ. წ.-მდე) თვლიდა, რომ სული 3 ნაწილისგან შედგება:1. ხორციელი (appetitive) 2. რაციონალური (rational) 3. ენერგიული (spirited). რაციონალური ნაწილის ადგილი თავის ტვინშია, რადგან სხეულის მოცემული ნაწილი ყველაზე ახლოსაა ზეცასთან და ის განაგებს კოგნიტურ პროცესებს.


უკვე ჰალენი (მე–3 საუკუნე ჩვ.წ.–მდე) თვლიდა, რომ ადამიანი შთაბეჭდილებებს გარედან თვალების საშუალებით იღებს ფლუიდების სახით, რომლებიც თავის ტვინის პარკუჭებში მიმემართება, იქვე მიდის ღვიძლიდან ე.წ. „საციცოცხლო ფლუიდები“ და ამ ორი ტიპის ფლუიდის გაერთიანებით გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად.

თავის ტვინის პარკუჭების, როგორც ადამიანის ფსიქიკის ლოკალიზაციის ადგილის შესახებ იდეა ნემეზიუსმა (მე–4 საუკუნე ჩვ.წ) განავრცო. მისი აზრით წინა პარკუჭი წარმოსახვის და აღქმის ადგილია, შუა პარკუჭი – აზროვნების, უკანა პარკუჭი კი – მეხსიერების. აღნიშნული შეხედულება შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული და ამას კარგად ადასტურებს ლეონარდო და ვინჩის ილუსტრაცია ადამიანის უნარების ლოკალიზაციის შესახებ თავის ტვინის პარკუჭებში. მე–16 საუკუნეში ვეზალიუსი, რომელიც მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი იყო, ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფსიქიკა თავის ტვინშია ლოკალიზებული – თავის ტვინი ფსიქიკური პროცესების მატერიალური სუბსტრატია.


მე–17 საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსის რენე დაკარტეს მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა სხეულის და ფსიქიკის ურთიერთმიმართების გაგების საკითხში. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ფსიქოლოგიისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემა – სულის ნაწილია სხეული, თუ სხეულის ნაწილია სული?

დეკარტეს გაგებით, სხეული და სული სხვადასხვა სუბსტანციებია და მოქმდების განსხვავებული კანონზომიერებები გააჩნიათ. მისი აზრით სხეული მანქანის პრინციპებით მოქმედებს, აქვს სივრცითი განფენილობა და რეფლექსურად რეაგირებს გარემოს გამღიზიანებლებზე. სხეული ნაწილებისგან შედგება, სული განუყოფელი და მარტივი მთლიანია. რადგანაც სული განსხვავებულად ფუნქციონირებს, ეს ორი სუბსტანცია ადამიანში თანაარსებობს, მაგრამ ორივეს თავისი მოქმედების კანონზომიერებები აქვს. დეკარტეს შეხედულება სხეულში ფსიქიკის ლოკალიზაციის შესახებ შემდეგია: სულის ადგისამყოფელი სხეულში – თავის ტვინის ღეროში მდებარე ჯალღუზისებრი სხეულია. ეს ნაწილი დეკარტემ იმიტომ აირჩია, რომ ახლოს არის თავის ტვინის პარკუჭებთან. ჟალღუზისებრი სხეული აკონტროლებს სარქველებს, რომელთა საშუალებითაც თავ–ზურგის ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და კუნთებისკენ და ამოძრავებს მათ.


დეკარტეს შეხედულება ფსიქიკისა და სხეულის ურთიერთობის თაობაზე ცნობილია დუალიზმის სახელით. ის გულისხმობს, რომ სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ მათი ურთიერთზემოქმედება ფიზიკის კანონებს ვერ დაემორჩილება. ისინი განსხვავებული წესებით მოქმედებენ, მაგ. სხეული ფიზიკის კანონებს ემორჩილება, სული კი –არა. ფილოსოფიაში ეს შეხედულება ცნობილია კარტეზიანიზმის სახელწოდებითაც (რენე დეკარტეს სახელი ლათინურად– კარტეზიუსი). ამავე დროს სული და სხეული ერთი მთლიანია, რაც უფრო მეტია ვიდრე ცალ–ცალკე მისი შემადგენელი ნაწილები. სული სხეულის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სხეულს არ გააჩნია აზროვნების უნარი. დეკარტეს მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა ცნობიერია და ცნობიერებასთანაა გაიგივებული. მისი გამოთქმა „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ გულისხმობს სწორედ ადამიანის რაციონალურ ბუნებას.


დუალიზმის საპირისპიროდ, მონიზმის მიმართულების შეხედულებით – თავის ტვინი და ფსიქიკა ერთი სუბსტანციის ორი ნაწილია.


მონიზმის ორი ფილოსოფიური მიმართულებაა:


· მატერიალიზმი, რომელიც თვლის, რომ ყველაფრის საფუძველი მატერიაა. შესაბამისად ადამიანის ფსიქიკა ტვინის ფუნქციაა.


· ფენომენალიზმი ანუ სუბიექტური იდეალიზმი, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ


ფსიქიკაა რეალური და ფიზიკური ობიექტები მისი ანაბეჭდები არიან.

ამ ორი უკიდურესი შეხედულების ფონზე მედიცინაში გროვდებოდა მონაცემები და შემთხვევები, რაც მიუთითებდა ადამიანის ფსიქიკისა და სხეულის რთული და მრავალგანზომილებიანი ურთიერთქმედების შესახებ.


შემდგომი განვითარება ფსიქიკისა და თავის ტვინის ურთიერთმიმართების იდეამ ჰპოვა უკვე ფსიქოლოგიისა და ნევროლოგიის დარგების ჩამოყალიბების პროცესში. ფსიქოლოგები ბუნებისმეტყველების ანალოგიურად ეძებდნენ ფსიქიკის ერთეულს, რისგანაც აიგება ფსიქიკა. მე–17 საუკუნეში რობერტ ჰუკის მიერ უჯრედის აღმოჩენამ ბიძგი მისცა ფსიქოლოგიაში ასოციაციონიზმის მიმართულების განვითარებას მე–18 საუკუნეში. შემდგომში, უკვე ფრანც გალი (მე–18 საუკუნე) თავის თეორიაში ეცდება ცალკეული უნარები, ფსიქიკური ერთეულები დაუკავშიროს თავის ტვინის უბნებს და თავის ქალას ბორცვებს. ეს სპეკულაციური თეორია ფრენოლოგიის სახელით არის ცნობილი. გალის მიხედვით, როგორც ელემენტარული, ისე უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები, ასევე სხვადასხვა უნარები და ისეთი მახასიათებლებიც კი, როგორცაა ერთგულება, სამშობლოს სიყვარული, შური, ლოკალიზდება თავის ტვინის ამა თუ იმ უბანში და ამ უნარის თუ თვისების მატერიალურ ცენტრს წარმოადგენს.

განსაკუთრებული როლი ნეიროფსიქოლოგიური შეხედულებების ჩამოყალიბებაში ითამაშა მე–19 საუკუნის ფრანგულმა ნევროლოგიურმა სკოლამ – ნევოლოგებმა პ. ბროკამ, კ. ვერნიკემ, ჟ.დეჟერინმა, პ. მარიმ, ჟ. შარკომ. მათი დაკვირვებები პაციენტებზე მიუთითებდა თავის ტვინის სხვადასხვა ლოკალური დაზიანების დროს ფსიქიკური ფუნქციების დარღვევებზე. აღმოჩენილ იქნა თავის ტვინის ე.წ. წერის, კითხვის, ცნებების, მეტყველების „ცენტრები“. პ. ბროკა და კ. ვერნიკე აგრძლებდნენ ფსიქომორფოლოგიზმის ტრადიციებს და ფსიქიკური პროცესების ლოკალიზაციის ცენტრებს ეძებდნენ თავის ტვინში. თუმცა ნევროლოგიური შემთხვევები მიუთითებდნენ, რომ ერთი და იგივე „ცენტრის“ დაზიანებით შეიძლება განსხვავებული ფსიქიკური ფუნქციები დაირღვეს და პირიქით, სხვადასხვა „ცენტრის“ დაზიანება იწვევდეს ერთი და იგივე ფსიქიკური ფუნქციის დარღვევას. მაშინდელი უშუალო ფსიქომორფოლოგიზმის მოდელი არ იძლეოდა ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების ახსნის საშუალებას.

ამ პერიოდში, მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ასპარეზზე გამოჩნდა ამერიკელი ნევროლოგი ჰუგლინგს ჯექსონი. მისმა მიდგომამ რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა ფსიქიკურ ფუნქციაზე და ასევე ფუნქციის ლოკალიზაციის პრინციპზე თავის ტვინში.


ჯექსონის დაშვებები:

· თავის ტვინის კონკრეტული უბნის დაზიანებით, ფუნქცია სრულად არ ზიანდება;


· ფუნქციის ნერვულ სისტემაში იერარქიული პრინციპით ლოკალიზდება და არ არის მხოლოდ კონკრეტული ცენტრის პრეროგატივა;


· ფუნქციას რთული, „ვერტიკალური“ ორგანიზაცია აქვს და წარმოდგენილია ნერვული სისტემის ყველა დონეზე – ყველაზე დაბალი დონიდან დაწყებული, უმაღლესი დონით დამთავრებული; მაგ., მოძრაობის ფუნქცია წამოდგენილია ზურგის ტვინის, მოგრძო ტვინის, შუა ტვინის, სტრიო–პალიდარული სისტემის და თავის ტვინის ქერქის დონეებზე. შესაბამისად მოძრაობის ამოვარდნა თავის ტვინის მხოლოდ ერთი უბნის დაზიანების

შედეგად არ ხდება;


· სიმპტომის ლოკალიზაცია არ არის ფუნქციის ლოკალიზაციის იგივეობრივი. მაგ., სიმპტომია ის, რომ ადამიანი ვერ აღიქვამს ფერებს, თუმცა მხედველობითი აღქმა რთული და მრავალმხრივი ფუნქციაა.


მე–20 საუკუნის დასაწყისში გეშტალტფსიქოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავის ტვინში ფსიქიკური პროცესების ლოკალიზაციის შეხედულებებზეც. გეშტალტფსიქოლოგიის ფონი–ფიგურის და აღქმის მთლიანობითი სტრუქტურის იდეებმა გავლენა მოახდინეს თავის ტვინის ფუნქციონრიების მოდელზეც. კარლ ლეშლი, ამერიკელი ფსიქოლოგი და ბიჰევიორისტი თვლიდა, რომ მთლიანი თავის ტვინია პასუხისმგებელი ქცევაზე. კ. ლეშლიმ გააგრძელა მე–19 საუკუნის ექსპერიმენტატორების ფლურანსისა და მუნკის ტრადიციები – ცხოველების თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების ექსტრიპაცია და შემდეგ მათ კველვაზე დაკვირვება. მან ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ ვირთხებში ქცევის დარღვევა თავის ტვინის დაზიანების ადგილზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ დაზიანების მასაზე. მისი აზრით თავის ტვინი, მისი ყველა ნაწილი მთლიანად აგებს პასუხს ამა თუ იმ ფუნქციის განხორციელებაზე. კ. ლეშლი იყო თავის ტვინში ფსიქიკური ფუნქციების ანტილოკალიზაციონისტური მიმდინარეობის ჩამომყალიბებელი. მისი „მასის კანონის“ პრინციპი გულისხმობდა იმას, რომ ინდივიდის ქცევა მთლიან ტვინში ლოკალიზდება, რომ თავის ტვინის ყველა ნაწილი ეკვიპოტენციურია (თანაბარძალოვანია) და ამიტომ ტვინის რაც უფრო დიდი მასაა დაზიანებული, ქცევა მით უფრო ძლიერად ირღვევა.


ტვინის, როგორ მთლიანის გეშტალტის პრინციპით მუშაობის შესახებ იდეა განავითარა მე–20 საუკუნის დასაწყისის გერმანელმა ნევროლოგმა და ფსიქიატრმა კ. გოლდშტეინმა, რომელიც ე.წ. ნოეტური სკოლის წარმომადგენელი იყო. მისი ამოცანა იყო ვიწრო ლოკალიზაციონიზმისა და ანტილოკალიზაციონიზმის ფარგლებში დაგროვილი ფაქტების შეჯერება და ერთიანი მოდელის შექმნა. კ. გოლდშტეინის მიხედვით თავის ტვინის დაზიანება იწვევს „აბსტრაქტული განწყობის“ ანუ „კატეგორიალური ქცევის“ დარღვევას. „აბსტრაქტული განწყობის“ ცნება ელემენტარული და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევის ახსნის ფუნდამენტი იყო. კ. გოლდშტეინმა გამოყო თავის ტვინის ქერქის „პერიფერია“, რომლის აგებულების პრინციპი ვიწროდ ლოკალურია. მან ასევე გამოყო ქერქის „ცენტრალური“ ნაწილი, რომელიც თავისი აგებულებით ეკვიპოტენციური (თანაბარძალოვანია) და მუშაობს „დინამიკური სტრუქტურების“ შექმნის პრინციპით მუდმივად მიმდინარე და „დინამიურ ფონზე“. თავის ტვინის „ცენტრალური“ ნაწილის დაზიანება იწვევს „აბსტრაქტული განწყობის“ ცვლილებებს და ემორჩილება „მასის კანონს“: თავის ტვინის რაც უფრო დიდი მასა ზიანდება, მით უფრო ირღვევა რთული დინამიკური სტრუქტურების წარმოქმნის პროცესი. ეს ართულებს ტვინში „სტრუქტურის“ და „ფონის“ მიმართების დიფერენცირებას და ამას კი მოსდევს „კატეგორიალური ქცევის“ დარღვევა. შესაბამისად, „ცენტრალური“ ქერქის დაზიანება იწვევს უმაღლესი, რთული ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას, მაშინ როცა „პერიფერიული“ ქერქის დაზიანება – ელემენტარული ფსიქიკური პროცესების დარღვევას.


ამრიგად, ნეიროფსიქოლოგიური აზრის განვითარება შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ:


1) ვიწრო ლოკალიზაციონიზმი (ლოკალიზაციის თეორია), რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც იყვნენ ბროკა, ვერნიკე, გალი, ბროდბენტი, კლაისტი და სხვები. მოცემული თეორიის თანახმად, ფსიქიკური ფუნქცია წარმოადგენს არაგანვრცობად, კომპონენტებზე დაუნაწევრებელ, ერთიან ფსიქიკურ შესაძლებლობას/უნარს (მაგ., ლაპარაკი, წერა, კითხვა, ანგარიში და ა.შ.). ეს უნარები მთლიანად ლოკალიზებულია თავის ტვინის კონკრეტულ მორფოლოგიურ სტრუქტურაში. თვითონ თავის ტვინი და უპირველეს ყოვლისა, დიდი ნახევარსფეროების ქერქი განიხილება როგორც სხვადასხვა „ცენტრების” ერთობლიობა. თითოეული ამ ცენტრთაგანი კონკრეტულ ფსიქიკურ ფუნქციას განაგებს. შესაბამისად, რომელიმე ცენტრის დაზიანება შესაბამისი ფუნქციის შეუქცევად დარღვევებს იწვევს. ფსიქიკური ფუნქციების ლოკალიზაცია აიხსნება როგორც უშუალო კავშირი ფსიქოლოგიურსა და მორფოლოგიურს შორის, სწორედ ამის გამო ამ მიმართულებას ფსიქომორფოლოგიურსაც უწოდებენ. გალის ფრენოლოგიური რუკა და კლაისტის ლოკალიზაციური რუკა ვიწრო ლოკალიზაციონიზმის იდეის დამაგვირგვინებელ შედეგებად ითვლებიან.


2) ანტილოკალიზაციონიზმი (ეკვიპოტენციურობის თეორია), რომელშიც პირობითად ორი მიმდინარეობა შეიძლება გამოვყოთ:


a. ფსიქიკური ფუნქციების თავის ტვინში ლოკალიზების შესაძლებლობის სრული უარყოფა (ამ მოსაზრებას მხარს უჭერდნენ ფლურანსი, ჰოლცი, ლეშლი და სხვები); ის ნაწილობრივ ჰგავს ვიწრო ლოკალიზაციონიზმს, რადგან აქაც ლოკალიზაცია გაიგება, როგორც უშუალო კავშირი ფსიქოლოგიურსა და მორფოლოგიურს შორის, ხოლო ფსიქიკური ფუნქციები დაუნაწევრებელ ფსიქიკურ `უნარებს~ წარმოადგენენ. თუმცა ვიწრო ლოკალიზაციონიზმისგან განსხვავებით, თავის ტვინი, განსაკუთრებით, დიდი ჰემისფეროების ქერქი, განიხილება ერთგვაროვან (ეკვიპოტენციურ) მთლიანობად, რომელიც თანაბარძალოვანი და ერთგვაროვანია ყველა ფსიქიკური ფუნქციისთვის ყველა თავის უბანში. ფსიქიკური ფუნქციები (`შესაძლებლობები~) თანაბრად არიან დაკავშირებული მთელ თავის ტვინთან და ფუნქციის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების სიდიდეზე. უფრო სწორედ, ფსიქიკური ფუნქციის დაზიანების ხარისხი არ არის დამოკიდებული დაზიანების ლოკალიზაციაზე, არამედ დამოკიდებულია დაზიანებული ტვინის მასაზე.


b. ეკლექტური კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავის ტვინში მხოლოდ ელემენტარული სენსორული და მოტორული ფუნქციების ლოკალიზაციაა შესაძლებელი. უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განხორციელებაში თავის ტვინის ყველა უბანი თანაბარ მონაწილეობას იღებს, ანუ ეკვიპოტენციურია. თავის ტვინში რთული „დინამიკური სტრუქტურის“ შექმნა უდევს საფუძვლად უმაღლეს ფსიქიკურ აქტივობას, რაც მთლიანი ტვინის მიერ ხორციელდება გეშტალტის ფიგურა–ფონის პრინციპით. ამ მოსაზრებას მხარს ისეთი ცნობილი ნევროლოგები უჭერდნენ, როგორიც იყვნენ გოლდშტეინი, მონაკოვი, ჰედი და სხვა.

3) ინტერაქციული თეორია, რომლის ძირითადი დებულებები ჯერ კიდევ ჰ. ჯექსონის შრომაშია მოცემული. ჯექსონის აზრით, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები შენდება ბაზისურ ელემენტარულ ფუნქციებზე. ეს ელემენტარული ფუნქციები შედარებით ლოკალიზებულია, მაგრამ რთული ქმედების განსახორციელებლად მათი გაერთიანების პოტენციური მრავალფეროვნების გამო, როგორც ჩანს, შეუძლებელია ამ ქმედების ზუსტი ლოკალიზება. ამრიგად, ცალკე აღებული ფუნქცია ან დასწავლის პროცესი შეუძლებელია მთლიანად თავის ტვინის ერთ კონკრეტულ უბანზე იყოს დამოკიდებული. მოცემული კონცეფციის თანახმად, თავის ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა (არათანაბარ) როლს ასრულებს სხვადასხვა ფუქნციების განხორციელებაში. ინტერაქციული თეორია, რომელსაც ხშირად რეგიონალურ ეკვიპოტენციურობას უკავშირებენ, წარმოადგენს თეორიას, რომელიც აღიარებს ეკვიპოტენციურობას, მაგრამ კარგად განსაზღვრული უბნის ფარგლებში და იმპლიციტურად თანამედროვე ნეიროფსიქოლოგების უმეტესობის მიერაა აღიარებული. თანამედროვე თეორიებიდან, რომლებიც ჯექსონის იდეის განვრცობას და შემდგომ განვითარებას ახდენენ, მნიშვნელოვანი თეორიაა ა.რ. ლურიას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემური დინამიკური ლოკალიზაციის თეორია.

მოცემული თეორია, ერთი მხრივ, ფსიქიკური ფუნქციების დარღვევების მრავალფეროვნების ახსნისა და მეორე მხრივ, ახალი ფაქტების და კანონზომიერებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ამ თეორიის ზოგადფსიქოლოგიური საფუძველია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სისტემური აგებულებისა და თავის ტვინში მათი სისტემური ლოკალიზაციის შესახებ წარმოდგენა. ცნება “უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები” პირველად ზოგად ფსიქოლოგიასა და ნეიროფსიქოლოგიაში ლ.ს. ვიგოტსკიმ გამოიყენა და შემდეგ ა.რ. ლურიამ განავითარა. ამ ცნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ა. ლურიას თეორიაში და ზოგადად ნეიროფსიქოლოგიაშიც.

უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის ქვეშ იგულისხმება ცნობიერი ფსიქიკური მოქმედების რთული ფორმები; ისინი ხორციელდებიან შესაბამისი მოტივების საფუძველზე, რეგულირდებიან შესაბამისი მიზნებითა და პროგრამებით და ექვემდებარებიან ფსიქიკური ქმედების ყველა კანონზომიერებას.







თ.გაგოშიძე

5 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now