Search

ბიპოლარული აფექტური აშლილობა



გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობა ხასიათდება დათრგუნვის _ დეპრესიის

ან აწევის _ ეიფორიის, მანიის პათოლოგიური გრძნობით და ერთმანეთისაგან

განცალკევებული აფექტური (დეპრესიული, მანიაკალური, შერეული და ა. შ)

ეპიზოდების მონაცვლეობით.

დეპრესიული ეპიზოდის კლინიკა უპირატესად დეპრესიული, ხოლო მანიაკალური

ეპიზოდის _ მანიაკალური სინდრომითაა წარმოდგენილი.

გუნება_განწყობის აშლილობის ეთიოპათოგენეზი

A. ბიოლოგიური ფაქტორები

კვლევების უმრავლესობა მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე დეპრესიით დაავადებულთა

პირველი რიგის ნათესავებში დეპრესიული აშლილობის განვითარების რისკი 10-

15%-ია, ხოლო ზოგადად პოპულაციაში 1-2%-ს არ აღემატება.

მემკვიდრეობითობის ალბათობა უფრო მაღალია ბიპოლარული აფექტური

აშლილობისათვის. ბიპოლარული აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება

ბიპოლარული აშლილობის მქონე, ვიდრე მონოპოლარული აშლილობების მქონე

ოჯახებში. თუ ერთი

მშობელი დაავადებულია I ტიპის ბიპოლარული აშლილობით, ბავშვში აფექტური

აშლილობის გამოვლინების ალბათობა 25%-ს უტოლდება. თუ ორივე მშობელი

დაავადებულია I ტიპის ბიპოლარული აშლილობით, ბავშვში აშლილობის

განვითარების ალბათობა 50_75%-მდე იზრდება.

ძილის ფაქტორი

ძილის დარღვევა აფექტური აშლილობის მქონე პაციენტების 60-65%-ს აღენიშნება.

დეპრესიის დროს ვლინდება სწრაფი ძილის ფაზის გაზრდა ძილის პირველ

პერიოდში და ზოგადად სწრაფი ძილის პერიოდის გაზრდა (ჩაძინებისთანავე

სწრაფი ძილის პერიოდის დაწყება), შემოკლებულია ძილის IV ფაზა. მანიაკალური

სინდრომის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა ხშირი გამოღვიძებები, ზოგადად ძილის

ხანგრძლობის შემცირების ფონზე.

B. ფსიქოსოციალური ფაქტორები

მოწყვლადობის ფაქტორი

ა. პრემორბიდული პიროვნული თავისებურებები _ არსებობს მოსაზრება, რომ

ადამიანები პიკნიკური აღნაგობით და ციკლოთიმიური ტემპერამენტით უფრო

მეტად არიან მიდრეკილნი ბიპოლარული აფექტური აშლილობისადმი, ხოლო

ლეპტოსომური, ფსიქასთენიური _ უნიპოლარულისადმი;

ბ. ფსიქოანალიტიკური ფაქტორები _ ფსიქოანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ

დედის გარდაცვალების ან განშორების გამო ბავშვობის ასაკში დედის ალერსის

უქონლობა, მოზრდილ ასაკში დეპრესიული აშლილობებისადმი განაწყობს. მანია

და აწეული გუნებ-განწყობა განიხილება, როგორც დაცვა ფონური დეპრესიისგან.

გ. კოგნიტიური ფაქტორები _ ბეკმა 1967 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ

,,დეპრესიული აზროვნება” შეიძლება პირველადი აშლილობა, ან უკიდურეს

შემთხვევაში, ამ აშლილობის გამომწვევი და შემანარჩუნებელი ძლიერი ფაქტორი

იყოს. დეპრესიის კოგნიტური ჰიპოთეზის საყრდენია ბეკის კოგნიტიური ტრიადა: ა)

საკუთარი თავისადმი ნეგატიური დამოკიდებულება _ ,,საქმეები ცუდად მიდის,

იმიტომ რომ მე ვარ ცუდი”; ბ) ცხოვრებისეული გამოცდილების ნეგატიური

ინტერპრეტაცია _ ,,ყოველთვის ყველაფერი ცუდად იქნება”; გ) მომავლის

პესიმისტური ხედვა _ მარცხის მოლოდინი.

პრეციპიტირებადი ფაქტორები

გრძელვადიანი, გახანგრძლივებული და მწვავე სტრესული მოვლენები _

მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ სტრესული მოვლენებიდან ექვსი თვის

განმავლობაში დეპრესიის განვითარების რისკი 6–ჯერ მატულობს, სუიციდური

მცდელობის რისკი კი _ 7-ჯერ.

სტრეს_ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დანაკლისს

განშორების ან სიკვდილის გამო, ფასეულობათა რღვევას, დაუცველობის განცდას

და მომავლის შიშს, მკვეთრ ცხოვრებისეულ ცვლილებებს.

მანია მთლიანად ბიოლოგიური ფაქტორებით განპირობებულ აშლილობად

მოიაზრებოდა, მაგრამ კლინიკური გამოცდილება იძლევა საფუძველს დავუშვათ,

რომ მანია პროვოცირებულია, და ზოგჯერ ისეთი სტრესული მოვლენებითაც,

რომელესაც სხვა პიროვნებაში შეიძლება დეპრესია გამოეწვია (მაგ. მძიმე

დანაკლისი).

გუნება განწყობის ერთ-ერთი სახეა ბიპოლარული აფექტური აშლილობა_ იგივე მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი.

რა არის ბიპოლარული აშლილობა?

ეს არის ფსიქიკური დარღვევა, რომელიც იწვევს გუნება-განწყობილების, ენერგიის და პიროვნული ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ბიპოლარული აშლილობა ქრონიკული მდგომარებაა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მანიისა და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდები. ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ - პირველი და მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობები.

პირველი ტიპის ბიპოლარული აშლილობისას აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული მანიაკალური და მძიმე დეპრესიული ეპიზოდები. უფრო ხშირია ამ ეპიზოდების მონაცვლეობა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შერეული ეპიზოდებიც (ერთი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლება მანიისა და დეპრესიის სიმპტომატიკა) გვხვდება.

მეორე ტიპის ბიპოლარული აშლილობისას ჰიპომანიაკალური ეპიზოდები ენაცვლება მძიმე დეპრესიულ მდგომარეობას. სწრაფ ცირკულირებასთან გვაქვს საქმე, თუ ერთ წელიწადში გუნება-განწყობილების დარღვევის ოთხი ან მეტი ეპიზოდი ფიქსირდება. ციკლოთიმია ისეთი ტიპის აფექტური აშლილობაა, როდესაც ორი წლის მანძილზე რემისიის (ორ თვეზე მეტი) გარეშე ვლინდება იოლი დეპრესიული და ჰიპომანიური ეპიზოდების მრავალი შემაწუხებელი პერიოდი, ამავე დროს სიმპტომები არ შეესაბამება შიზოაფექტურ აშლილობას და არ არის გამოწვეული შიზოფრენიით, ფსიქოტური დარღვევებით ან რომელიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობით.

რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?

მანია არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. მანიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას

მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას

სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას

მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას

ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს

რისკის გაწევას

იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

ძილის შემცირებას დაღლილობს განცდის გარეშე

რას წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომები?

დეპრესია არის ბიპოლარული აშლილობის სხვა ფაზა. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

ენერგიის დაკარგვას

გახანგრძლივებულ სევდას

დაქვეითებულ აქტივობასა და ენერგიას

მოუსვენრობასა და გაღიზიანებადობას

კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობას

წუხილისა და შფოთვის განცდის ზრდას

ინტერესისა და მონაწილეობის შემცირებას, ნაკლები სიამოვნების მიღებას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნების მომგვრელი იყო

დანაშაულისა და უიმედობის განცდას

სუიციდურ აზრებს

მადის ცვლილებებს (ან მეტის ან ნაკლების ჭამას)

ძილის ხასიათის ცვლილებას (მეტი ან ნაკლები ძილი)

რას წარმოადგენს "შერეული" მდგომარეობა?

ციკლოთიმია ეს არის განწყობის დაავადება. ციკლოთიმია იწვევს ემოციურ ცვალებადობას, თუმცა ის არ არის ისეთი უკიდურესი, როგორც ბიპოლარული დაავადების პირველი და მეორე ფორმა

ციკლოთიმიით დაავადებული პაციენტები განიცდიან ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას. თქვენ შესაძლოა, ზოგჯერ, თავი იგრძნოთ სამყაროს სათავეში, თუმცა ამ განწყობას შესაძლოა მოყვეს უსუსურობის განცდა. ციკოლთიმური შეტევების შუალედებში პაციენტმა თავი შესაძლოა სტაბილურად იგრძნოს

ბიპოლარული დაავადების პირველი და მეორე ფორმებისგან განსხვავებით, ციკლოთიმიით გამოწვეული ხასიათის ცვლილებები ნაკლებად მწვავეა. თუმცა აუცილებელია სამედიცინო დახამრება,რადგან მდგომარეობა შესაძლოა ბიპოლარულ დაავადებაში გადაიზარდოს. ციკლოთიმიის მკურნალობა მოიცავს კონსულტაციურ თერაპიას(ფსიქოთერაპია), მედიკამენტურ თერაპიას და ჩაკეტილ, მუდმივ კვლევას ექიმ ის მხრიდან.

ციკლის სწრაფი ცვლილება

ზოგჯერ ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეპიზოდების სიხშირის ზრდა. როდესაც დაავადების ოთხი ან მეტი ეპიზოდი თავს იჩენს 12 თვის მანძილზე, ამბობენ რომ ასეთ პიროვნებას აქვს ბიპოლარული აშლილობა ციკლთა სწრაფი ცვლილებით.

ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის წიგნში (DSM-5) აღწერილია ბიპოლარული და მსგავსი აშლილობების შესაბამისი კრიტერიუმები. ამ წიგნს ფსიქიატრები დიაგნოზის დასასმელად იყენებენ, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ წიგნის მიხედვით დიაგნოსტირებულ დაავადებებს აფინანსებენ.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები განსხვავდება აშლილობის ტიპების მიხედვით:

ბიპოლარული აშლილობა I – პაციენტს ჰქონია ერთი მანიური ეპიზოდი მაინც. მანიურ ეპიზოდს წინ უძღვოდა ან მოყვებოდა ჰიპომანიური ან დეპრესიული ეპიზოდი. მანიური სიმპტომები პაციენტს ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში და შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო ან პაციენტის მდგომარეობა ფსიქოზში გადაიზარდოს.

ბიპოლარული აშლილობა II – პაციენტს ჰქონია ერთი მძიმე დეპრესიული ეპიზოდი მაინც, რომელიც მინიმუმ 2 კვირას გრძელდებოდა და ერთი ჰიპომანიაკალური ეპიზოდი მაინც, რომელიც მინიმუმ 4 დღეს გრძელდებოდა. პაციენტს არ ჰქონია მანიაკალური ეპიზოდი. დეპრესიული ეპიზოდის დროს განწყობა და ქცევა სწრაფად იცვლება, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ციკლოთიმიური აშლილობა – პაციენტს მინიმუმ 2 წელი (1 წელი ბავშვებსა და მოზარდებში) ჰქონდა ჰიპომანიაკალური სიმპტომები (უფრო მსუბუქია, ვიდრე ჰიპომანიური ეპიზოდი) და დეპრესიული სიმპტომების პერიოდები (უფრო მსუბუქია, ვიდრე მძიმე დეპრესიული ეპიზოდი). ამავდროულად, სიმპტომები თითქმის სულ აწუხებს პაციენტს და 2 თვეზე მეტხანს არ გაივლის. სიმპტომები მნიშვნელოვნად უშლის ხელს ნორმალურ ცხოვრებას.

სხვა ტიპები. ესენია: ბიპოლარული ან მსგავსი აშლილობა გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობის მიერ, როგორიცაა კუშინგის დაავადება, გაფანტული სკლეროზი და ინსულტი; ბიპოლარული ან სხვა აშლილობა გამოწვეული უკანონო ნივთიერებისა და მედიკამენტების მოხმარების გამო.

ბიპოლარული აშლილობა II არ არის უფრო მსუბუქი ფორმა, ვიდრე ბიპოლარული აშლილობა I. ეს ცალკე დიაგნოზია. ბიპოლარული აშლილობა I–ის მანიის ეპიზოდები მძიმე და საშიშია, მაგრამ ბიპოლარული აშლილობა II–თ დაავადებულები დიდხანს არიან დეპრესიაში, რაც ასევე ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაქვთ დეპრესიის ან მანიის ნებისმიერი სიმპტომი, მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ბიპოლარული აშლილობა თავად არ გაივლის. მკურნალობა უნდა დაინიშნოს გამოცდილი სპეციალისტის მიერ, რათა სიმპტომები კარგად გაკონტროლდეს.

ბიპოლარული აშლილობით დაავადებულთა დიდი ნაწილი არ იღებს საჭირო მკურნალობას. განწყობების ცვლილებების მიუხედავად, პაციენტები ვერ ხვდებიან, რამდენად უშლით ხელს ემოციური არასტაბილურობა ცხოვრებაში და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

ზოგჯერ, ბიპოლარული აშლილობით დაავადებული ადამიანი კარგად გრძნობს თავს ეიფორიული მანიაკალური ეპიზოდის დროს, რადგან უფრო პროდუქტიულია. თუმცა, ეს ეიფორია ყოველთვის გადაიზრდება ემოციური დაცლის მდგომარეობაში, რომელიც იწვევს დეპრესიას, დაღლილობას და ზოგჯერ ფინანსურ, კანონიერ ან ურთიერთობის პრობლემებს.

გამოყენებული წყაროები:

"გუნება-განწყობის (აფექტური)

აშლილობა" - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)

Gh.ge

38 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now