Search

ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები - ნაწილი პირველი



ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები


1935 წელს აწ განსვენებულმა პროფესორმა კ.გ. იუნგმა, რომელიც მაშინ მესამოცე წელში იყო გადამდგარი, ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში1 ორასამდე ექიმის წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა. ეს ლექციები თანმხლები დისკუსიებითურთ მერი ბეიკერმა და მარგარეტ გეიმმა ბეჭდური სახით გაამრავლეს. ამჯერად ყოველივე ეს წიგნად გამოიცემა.


ლექცია 1


„ფსიქოლოგია, უწინარეს ყოვლისა, არის მეცნიერება ცნობიერების შესახებ. შემდგომ, იგი არის მეცნიერება იმის პროდუქტთა შესახებ, რასაც ჩვენ არაცნობიერ მშვინვიერ ცხოვრებას ვუწოდებთ. უშუალოდ არცნობიერის კვლევა არ ძალგვიძს სწორედ იმიტომ, რომ ის არაცნობიერია და ამის გამო ჩვენ მასთან მისადგომი არ გაგვაჩნია. ჩვენ მხოლოდ ცნობიერ მოცემულობებს შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, რომელთა შესახებაც ვვარაუდობთ, რომ მათ ფესვები იმ სფეროში უნდა ჰქონდეთ გადგმული, ჩვენ რომ არაცნობიერს ვუწოდებთ, – „ბნელ წარმოდგენათა“ სფეროში, რომელნიც, ფილოსოფოს კანტის ანთროპოლოგიის1 მიხედვით, სამყაროს ნახევარს შეადგენენ. რაც არ უნდა ვთქვათ არაცნობიერის შესახებ, ყველაფერს ხომ ცნობიერი სული გამოთქვამს. არაცნობიერი მშვინვიერი ცხოვრება აბსოლუტურად უცნობი ბუნებისაა. მაგრამ ის გამოხატულებას პოულობს ცნობიერებასა და ცნობიერების წანამძღვრებში, – ეს არის და ეს, ამაზე შორს ვერ მივდივართ, და ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ესაა ჩვენი განსჯის უკანასკნელი კრიტერიუმი.


ცნობიერება უცნაური რამაა. ის წყვეტილი ფენომენია. ადამიანის ცხოვრების მეხუთედი თუ მესამედი ან, იქნებ, ნახევარიც კი სანახევროდ არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ჩვენი ბავშვობის პირველი ხანა არაცნობიერად გადის, ყოველ ღამით არაცნობიერში ვიძირებით, და მხოლოდ განსაზღვრულ შუალედებში სიფხიზლესა და ძილს შორის ვფლობთ მეტ-ნაკლებად ნათელ ცნობიერებას. კაცმა რომ თქვას, ისიც საკითხავია, რამდენად ნათელია ეს ცნობიერება. ასე, მაგალითად, ათი წლის ბავშვი თითქოსდა უკვე ცნობიერად მოქმედებს, მაგრამ ადვილი საჩვენებელია, რომ აქ რაღაც უცნაურ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, ეტყობა, ცნობიერებასთან, ოღონდ ყოველგვარი „მე“- ცნობიერების გარეშე. რამდენი ბავშვი ვიცი, რომ თერთმეტი, თორმეტი, თოთხმეტი წლის ასაკში, ან უფრო გვიანაც კი, უეცრად განიცდიან: „მე ვარ“. ცხოვრებაში პირველად გრძნობენ ისინი, რომ თვითონ განიცდიან, რომ შეუძლიათ ჩაიხედონ წარსულში, რომელიც შეიცავს მოგონებებს ნივთების, მაგრამ არა მათი საკუთარი თავის შესახებ.


უნდა ვაღიაროთ, რომ როცა ვამბობთ: „მე“, არ გაგვაჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი, ყველაფერი ვიცით ამ „მე“-ს შესახებ თუ არა. შესაძლებელია, ჩვენი ცოდნა „მე“-ს შესახებ ჯერ ისევ ფრაგმენტულია, და შემდგომში შეიძლება ადამიანებმა გაცილებით მეტი რამ იცოდნენ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „მე“ ადამიანისთვის, ვიდრე ჩვენ ვუწყით დღესდღეობით. მართლაც, ჩვენ ხომ წარმოდგენაც არა გვაქვს, თუ რა შედეგებს მოიტანს კიდევ ეს პროცესი.

ცნობიერება წააგავს ზედაპირს ან აპკს, გადაჭიმულს იმ ვრცელ არაცნობიერ სფეროზე, რომლის ტევადობა ჩვენთვის უცნობია. რამდენადაც ჩვენ არაფერი ვიცით არაცნობიერის შესახებ, ამდენად არც მისი სამფლობელოს შემოფარგვლა ძალგვიძს. რაც არ ვიცით, რა არის, იმაზე რა უნდა ვთქვათ. როდესაც ვამბობთ: „არაცნობიერი“, ხშირად გვგონია, რომ ამით რაღაც კონკრეტულს გამოვხატავთ, სინამდვილეში კი, უბრალოდ, იმას გამოვთქვამთ, რომ არ ვიცით, რა არის არაცნობიერი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არაპირდაპირი საბუთი მოგვეპოვება იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ცნობიერების ზღურბლს ქვემოთ არსებობს ფსიქიკური სფერო; აგრეთვე რამდენიმე მეცნიერულად გამძლე არგუმენტიც გაგვაჩნია. შინაარსებიდან, რომლებიც არაცნობიერს ამოაქვს, ზოგი რამ შეგვიძლია დავასკვნათ მისი არსის შესახებ. მაგრამ დასკვნების გამოტანისას საქმეს მეტისმეტად ანთროპომორფულად არ უნდა მივუდგეთ, რადგან სავსებით შესაძლებელია, ნივთები სინამდვილეში სულ სხვაგვარი იყოს, ვიდრე მათ ჩვენი ცნობიერება ხედავს.


გარდა ამისა, ცნობიერება ერთგვარად შეზღუდულია. ყოველ მოცემულ მომენტში ის მხოლოდ მცირეოდენ თანადროულ შინაარსებს იტევს. ყველაფერი დანარჩენი ამ მომენტში არაცნობიერია. ამიტომ ცნობიერი სამყაროს უწყვეტი ერთიანობის წარმოდგენა, საყოველთაო ურთიერთკავშირის აღქმა და გაგება მხოლოდ ასეთ ცნობიერ „ნაწყვეტ-ნაწყვეტ ასახვათა“ თანმიმდევრობის საფუძველზე გვეძლევა. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანობის ხილვა, – ამისათვის ჩვენი ცნობიერება მეტისმეტად შეზღუდულია. ჩვენ საჭიროებისამებრ ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც პროჟექტორი მოცემულ მომენტში ანათებს. სამყაროს თითქოს ვიწრო ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებით, საიდანაც მისი მხოლოდ პატარა მონაკვეთი ჩანს. დანარჩენი ყველაფერი წყვდიადშია შთანთქმული და ჩვენი აღქმისთვის მიუწვდომელია. არაცნობიერის სამფლობელო თვალუწვდენელია და უწყვეტი, მაშინ როცა ცნობიერების სამეფო მარად ცვალებად, წამიერ წვდომათა შემოფარგლულ ველს წააგავს.


ცნობიერებისთვის არსებითია ის, რომ არაფერი შეიძლება ცნობიერი იყოს „მე“-ს გარეშე, ურომლისოდაც ცნობიერება წარმოუდგენელია. რაც „მე“-ს არ უკავშირდება, არც არის ცნობიერი. ამიტომ ცნობიერება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ფსიქიკურ ფაქტთა კავშირი „მე“-სთან. მაგრამ რას წარმოადგენს თვით „მე“? „მე“ არის კომპლექსური მოცემულობა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, სხეულის, „მუნყოფიერის“ ზოგადი აღქმისგან შედგება; აგრეთვე მის შემადგენლობაში შედის მეხსიერების შინაარსები; ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ვიყავით, და ვფლობთ მოგონებათა გრძელ ჯაჭვს. ეს ორი ფაქტორია დედაბოძი იმისა, რასაც ჩვენ „მე“-ს ვუწოდებთ. ამიტომ „მე“-ს შეგვიძლია ფსიქიკურ ფაქტთა კომპლექსი ვუწოდოთ. ამ კომპლექსს მიზიდულობის დიდი ძალა აქვს, როგორც, ვთქვათ, მაგნიტს. ის მიიზიდავს შინაარსებს არაცნობიერიდან, იმ ბნელი სფეროდან, რომლის შესახებაც არაფერია ჩვენთვის ცნობილი, აგრეთვე იზიდავს შთაბეჭდილებებს გარე სამყაროდან, და ყოველივე აქედან რაც „მე“-ს დაუკავშირდება, ის ცნობიერი გახდება, ხოლო რაც ასეთ კავშირს არ დაამყარებს – არ გაცნობიერდება.


ამრიგად, ჩემის აზრით, „მე“ ერთგვარი კომპლექსია. რა თქმა უნდა, „მე“ ჩვენი უახლესი და უსაყვარლესი კომპლექსია, ყოველთვის ყურადღებისა და სურვილების ცენტრშია, და ცნობიერება მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ „მე“ გაიხლიჩა, – ვთქვათ, შიზოფრენიის შემთხვევაში, – ღირებულებათა მიმართება სულ მთლად დარღვეული იქნება; ნების ძალით რაიმეს აღდგენაც შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ცენტრი გახლეჩილია და ზოგი ფსიქიკური შინაარსი „მე“-ს ერთ მხარესთანაა დაკავშირებული და ზოგი – მეორესთან. ამიტომაცაა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ამ წუთში რომ ერთი პიროვნებაა, მეორე წუთში მეორეა ხოლმე.


ცნობიერების განკარგულებაშია რიგი ფუნქციებისა, რომლებიც მას ექტოფსიქიკური და ენდოფსიქიკური ფაქტების სფეროებზე ორიენტაციის საშუალებას აძლევენ. ექტოფსიქიკაში მე ვგულისხმობ კავშირის სისტემას ცნობიერების შინაარსებსა და გარემოდან მიღებულ შთაბეჭდილებებს შორის. ეს არის საორიენტაციო სისტემა გარე სამყაროს მოცემულობებთან ურთიერთობისათვის, რომლებიც შეგრძნების ორგანოების მეშვეობით გვეძლევა. ენდოფსიქიკა კი კავშირის სისტემაა ცნობიერების შინაარსებსა და იმ პროცესებს შორის, რომელნიც, როგორც ვფიქრობთ, არაცნობიერში უნდა მიმდინარეობდნენ.


თავდაპირველად ჩვენ ექტოფსიქიკური ფუნქციების შესახებ ვისაუბრებთ. აქ, პირველ რიგში, შედის შეგრძნება,6 (Die Empfindung) ჩვენი ფიზიკურშეგრძნებითი ფუნქცია. შეგრძნებაში მე იმას ვგულისხმობ, რასაც ფრანგები „ლა ფონცტიონ დუ რეელ“-ს* უწოდებენ, ე.ი. ჩემს მიერ აღქმული გარეგანი ფაქტების ერთობლიობას, რომელნიც შეგრძნების ორგანოთა მეშვეობით მეძლევა. ფრანგული გამოთქმა „ ლა ფონცტიონ დუ რეელ“,* * ვგონებ, ყველაზე უფრო ამომწურავია. შეგრძნება მეუბნება, რომ რაღაც არის; ის არ მეუბნება, თუ რა არის ეს, და არც სხვა რამეს მამცნობს ამ „რაღაცის” შესახებ; ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ რაღაცა არის.


შემდეგი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, არის აზროვნება (დას Dენკენ)7. ფილოსოფოსს რომ ჰკითხოთ, რა არის აზროვნებაო, ისეთ ჩახლართულ პასუხს მოგცემთ, კაცი თავს და ბოლოს ვერ გაუგებს. ამიტომ ნურასოდეს დაუსვამთ ასეთ კითხვას ფილოსოფოსს, – იგი ხომ ერთადერთია, ვინც არ იცის, თუ რა არის აზროვნება; სხვამ ყველამ იცის. თუკი ვინმეს ეტყვით, აბა ერთი დაფიქრდიო, ის მშვენივრად გაიგებს, რასაც გულისხმობთ. ფილოსოფოსი კი ვერასოდეს გაიგებს. თავის უმარტივეს ფორმაში აზროვნება მეუბნება, თუ რა არის რაღაცა. იგი ნივთებს სახელებს არქმევს და ცნებასაც იძლევა, – აზროვნება ხომ აღქმას დამატებული განსჯაა (გერმანული ფსიქოლოგია მსგავს შემთხვევაში აპერცეფციის შესახებ ლაპარაკობს).8


მესამე ფუნქცია, რომლის გამოყოფაც შეიძლება და რომელსაც ყოველდღიურ მეტყველებაში შესაბამისი სიტყვა მოეპოვება, არის გრძნობა (Das Fuehlen)9 . აი, აქ კი არეულია მონასტერი, და ხშირად ბრაზს ვგვრი ხალხს, როდესაც გრძნობის შესახებ ვლაპარაკობ, – რომ ჰკითხოთ, ასეთი აღმაშფოთებელი რამ კაცის ყურს ჯერ არ სმენია. გრძნობა გრძნობითი ტონის მეშვეობით ნივთთა ღირებულებას გვამცნობს. მაგალითად, გრძნობა მეუბნება, მისაღებია ან, თუ გნებავთ, სასიამოვნოა რაიმე თუ არა. ის მეუბნება, თუ რა არის ჩემთვის ღირებული. ამიტომ ყოველ აღქმას და ყოველ აპერცეფციას რაღაც გრძნობითი რეაქცია ახლავს. რაღაცნაირი გრძნობითი ტონი მაინც რომ ყოველთვის გვაქვს, ამის დამტკიცება ექსპერიმენტულადაც კი შეიძლება. ჩვენ ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. რაც შეეხება „აღმაშფოთებელს“ გრძნობის თაობაზე, ის იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობა, ისევე როგორც აზროვნება, რაციონალური1 0 ფუნქციაა. ყოველი მოაზროვნე ადამიანი სრულიად დარწმუნებულია, რომ გრძნობა რაციონალური ფუნქცია კი არაა, არამედ პირიქით, უკიდურესად ირაციონალურია. მაგრამ აბა კარგად დამიგდეთ ყური. ყველა სფეროში სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ის, ვინც აზროვნებაშია უზადო, ნამდვილად არ იქნება ასეთივე გრძნობაში, რადგან ეს ორი რამ შეუთავსებადია; ისინი ურთიერთგამომრიცხავნი არიან. ეს ნიშნავს, რომ თუ საღი მეცნიერული ან ფილოსოფიური აზროვნება გსურთ, ყველა გრძნობითი ღირებულება უნდა გამოთიშოთ; თუ გრძნობით ღირებულებებს თავიდან ვერ მოიცილებთ, მაშინ ალბათ უფრო თავისუფალი ნების შესახებ დაიწყებთ ფიქრს, ვიდრე მცენარის ბუგრთა კლასიფიკაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის შეეპარება, რომ, გრძნობის თვალსაზრისით, ეს ორი არსებითად განსახვავებული თემა ღირებულების მხრივაც განსხვავდება. ღირებულებითი წარმოდგენები ინტელექტისათვის კრიტერიუმი არააა; მაგრამ ისინი არსებობენ, და შეფასება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფუნქციაა. ღირებულებითი წარმოდგენები სამყაროს სრული ხატების მაინტეგრირებელი ნაწილებია. თუკი მათ გამოვრიცხავთ, დიდ სიძნელეთა წინაშე აღმოვჩნდებით. გრძნობა ბევრს იმიტომ ეჩვენება უკიდურესად ირაციონალურად, რომ როცა ხუშტური წამოგვივლის, რა გრძნობა აღარ გვეუფლება, და ყველა დარწმუნებულია, აქ, ამ ქვეყანაში კი – განსაკუთრებით, რომ ასეთი გრძნობები დაოკებულ უნდა იქნეს. ვაღიარებ, რომ ეს კარგი თვისებაა, და აღფრთოვანებული ვარ მის გამო ინგლისელებით; მაგრამ გრძნობები მაინც არსებობს, და მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც საუცხოოდ ძალუძთ მათი მოთოკვა, მაგრამ მაინც უდიდეს სიძნელეებს აწყდებიან მათ გამო.


მივადექით მეოთხე ფუნქციას. შეგრძნება გვეუბნება, რომ რაღაც არის. აზროვნება გვეუბნება, თუ რა არის ეს რაღაცა; გრძნობა გვეუბნება, თუ რა ღირებულება აქვს მას ჩვენთვის. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კატეგორია – დრო. ყველაფერს აქვს თავისი წარსული და მომავალი, – ყოველივე საიდანღაც მოდის, საითკენღაც მიდის. ვინ იცის, საიდან მოდის, ან ვინ გაიგებს, საით მიემართება; მაგრამ, საბედნიეროდ, გაგვაჩნია წინათგრძნობა, ალღო, და ის გვეხმარება ამ საქმეში. ასე, მაგალითად, ხელოვნების ნაწარმოებით ანდა ანტიკვარებით მოვაჭრე „სუნს იკრავს“, რომ ესა და ეს ნივთი მე-18 საუკუნის ოციან წლებში რომელიღაც დიდი ოსტატის მიერ უნდა იყოს შექმნილი; იგი „გეშს იღებს“, რომ სარფიანი საქმე ელის. ანდა, ვთქვათ, ჯერ არ არის ცნობილი, თუ როგორ შეიცვლება აქციების კურსი, მაგრამ „საქმეს რაღაც ისეთი სუნი უდის“, რომ აიწევს. ამ მოვლენას ჩვენ ინტუიციას1 1 (დიე Iნტუიტიონ) ვუწოდებთ. ეს ერთგვარი წინასწარმეტყველური, აუხსნელი თვისებაა. მაგალითად, თქვენ არ იცით, რომ პაციენტს გულზე რაღაც ლოდი აწევს, მაგრამ თქვენ „გეჩვენებათ“, თქვენ „ისეთი გრძნობა გაქვთ“, როგორც იტყვიან ხოლმე, – საყოველდღეო მეტყველებას ხომ ჯერაც არ გააჩნია ამისთვის უფრო ნათლად გამოკვეთილი გამოთქმა. ცნება „ინტუიცია“ სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ინგლისურში, და თქვენ მოხარული უნდა იყოთ, ვინაიდან სხვა ენებში ის არ არსებობს. გერმანელებს ჯერ შეგრძნება და გრძნობაც კი ვერ განუსხვავებიათ. ფრანგულში საქმე სხვაგვარადაა: ფრანგულად შეუძლებელია თქვათ, რომ რაღაც „გრძნობა გაქვათ კუჭში“; ალბათ, ამ შემთხვევაში უფრო „შეგრძნებას“ იხმარდით. ინგლისურშიც არსებობს განსხვავებული გამოთქმები შეგრძნებისა და გრძნობისათვის, მაგრამ გრძნობასა და ინტუიციას კი ურევენ ხოლმე ხშირად. ამიტომ განსხვავება, რომელიც მე აქ შემომაქვს, შეიძლება ხელოვნური გეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკული მიზნებით ამ განსხვავების დაფუძნებას სამეცნიერო ენაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, თუ რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ გამოთქმაში, თორემ გამოვა, რომ გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობთ, რაც ფსიქოლოგიას სიკეთეს არასოდეს მოუტანს. როდესაც ვინმე საყოველდღეო მეტყველებაში „გრძნობას“ ხმარობს, შეიძლება ის სულ სხვა რამეს გულისხმობდეს, ვიდრე მეორე, რომელიც აგრეთვე გრძნობის შესახებ ლაპარაკობს. რამდენი ფსიქოლოგია, გამოთქმა „გრძნობას“ რომ ხმარობს და, როგორც წესი, განსაზღვრავს მას, როგორც დამახინჯებულ აზრს. „გრძნობა სხვა არაფერია, თუ არა დაუმთავრებელი აზრი“, – ეს ერთი ცნობილი ფსიქოლოგის განსაზღვრებაა. მაგრამ გრძნობა რაღაც თავისთავადია, რაღაც რეალური; ის ხომ ფუნქციაა; ამიტომაც არსებობს მისთვის ცნება. ინსტინქტით აღჭურვილი სული ყოველთვის გამოძებნის სიტყვებს მოვლენებისათვის, რომლებიც ნამდვილად არსებობენ. მხოლოდ ფსიქოლოგები იგონებენ სიტყვებს ისეთი მოვლენებისათვის, რომლებიც არ არსებობენ.


ჩვენს მიერ განსაზღვრული უკანასკნელი ფუნქცია, ინტუიცია, ერთი შეხედვით დიდი იდუმალებით მოცული რამ ჩანს და, მოგეხსენებათ, ჩემზე ამბობენ, მეტისმეტად იჭრება მისტიკაშიო. ასე რომ, ინებეთ ჩემი მისტიკის ერთი ნაწილი! ინტუიცია არის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მხედველობის ველში რეალურად მოცემულის ფარგლებს მიღმა ხედვა შეგვიძლია. ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ ინტუიცია ახერხებს ამას, და ჩვენ მას ვეყრდნობით. ეს ისეთი ფუნქციაა, რომელსაც, როგორც წესი, არ ვიყენებთ, როცა აუღელვებლად ვატარებთ ცხოვრებას ოთხ კედელს შუა, არხეინად ვართ და ჩვეულ საქმიანობას ვეწევით. მაგრამ ბირჟაზე ან შუაგულ აფრიკაში ძალიანაც საჭირო რამაა ეს გუმანი. ასე, მაგალითად, წინასწარ ვერ გამოთვლი, გზის მომდევნო მოსახვევში ბუჩქნარში მარტორქას შეეჩეხები თუ ვეფხვს, მაგრამ არსებობს წინათგრძნობა, რომელმაც შეიძლება კაცი სიკვდილს გადაარჩინოს. ასე, დადგენილია, რომ ბუნებრივ პირობებში მცხოვრები ხალხი ფართოდ იყენებს ინტუიციას. იგივე ითქმის ადამიანებზე, რომელნიც უცნობ სფეროებში მიიკვლევენ გზას, – სხვადასხვა ჯურის პიონერების მიმართ. ინტუიციას ეყრდნობიან გამომგონებლები, მოსამართლეები. სადაც კი საქმე გვაქვს უცხო სიტუაციასთან, როცა საყოველთაოდ მიღებულ ღირებულებებსა და დადგენილ ნორმებს ვერ ჩავეჭიდებით, იქ ინტუიციის უნარ-შესაძლებლობებზე ვართ დამოკიდებული.“

22 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now