Search

აზრობრივი ოპერაციები

Updated: May 16


აზრობრივი ოპერაციები:

როგორ ახერხებს ადამიანი არათვალსაჩინო მიმართებების წვდომას? მოვლენათა ზოგადი კანონზომიერების გაგებას? ობიექტთა კლასის ზოგადი და არსებითი ნიშნების გამოყოფას?

პირველად ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებმა და განსაკუთრებით კი ო.ზელცმა აღნიშნა, რომ ესაა სააზროვნო ამოცანა, ანუ ის, რაც უნდა გადაწყვიტოს პიროვნებამ და მეორეა საშუალებანი ე.ი. ის რის მეშვეობითაც ხერხდება ამოცანის გადაწყვეტა. ასეთ საშუალებად ო.ზელცს ინტელექტუალური ოპერაციები მიაჩნდა.


აზროვნების პროცესისთვის დამახასიათებელია ახალი ამოცანის გადაწყვეტა, ახალი საკითხის გადაჭრა, უჩვეულო სიტუაციის შესატყვისი მოქმედება, რომლის გამოცდილება სუბიექტს მანამდე არ ჰქონია. ფსიქიკური პროცესები, მაშინ როდესაც ჩვენ ვაზროვნებთ, ერთმანეთთან იმდენად ურთიერთკავშირშია, რომ ხანდახან რთულია თითოეული მათგანის როლის განსაზღვრა.


ის საშუალება, რის მეშვეობითაც ჩვენს გონებაში ამ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს, სააზროვნო, ინტელექტუალურ ოპერაციად მოიაზრება.მას სხვა არაერთგვაროვან მოვლენათა ზოგადი კანონზომიერებების გაგების, არათვალსაჩინო მითითებების წვდომისა თუ ობიექტთა კლასის ზოგადი და არსებითი ნიშნების გამოყოფის უნარები მიეწერება. აზროვნების შესახებ საუბრისას განიხილავენ ცალ-ცალკე ოპერაციებს: აზროვნების ობიექტს, ცალკე თვითაზროვნების პროცესის დინამიკას (მიმდინარეობას) ამოცანის გადაწყვეტის პროცესში.


ფსიქოლოგიაში აზროვნების ოპერაციის გაგება ერთგვაროვანი არ არის, თუმცა ძირითადად ყველა ცნობს, რომ ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. აზროვნების თითოეული მხარის განხილვის შემდეგ, მისი სხვადასხვა მხარეების სინთეზის საშუალებით ერთ მთლიანობაში გაერთიანება თუ არ მოხდა, აზროვნების პროცესის შესახებ ძალიან ზედაპირული ინფორმაცია გვექნება. ფსიქოლოგიაში აზროვნების ოპერაციის გაგება არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად აზროვნების შემდეგ, ოპერაციებს განასხვავებენ:

ანალიზი - ეს არის ცალკე ნაწილების, მხარეებისა და თვისებების გამოყოფის, შემადგენელ ერთეულებად დაშლის უნარი. მაგალითად: სიტყვის გაგების მთლიან აღქმაში ,შეგვიძლია გამოვყოთ ცალ-ცალკე სიტყვის ბგერითი მხარე და ასევე სემანტიკური მხარე. ბენჯამენ ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:


· მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

· მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა.

· პროცესის კანონზომიერების გამოვლენა.

· მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

განყენება ანუ აბსტრაქცია - განყენება ანუ აბსტრაქცია ეწოდება მთლიანი შინაარსიდან ერთ-ერთი არადამოუკიდებელი მომენტის გამოყოფას და მთელის გარეშე გააზრებას.

აბსტრაქცია შეიძლება იყოს:


· გამაანალიზებელი, ცალკე ნიშნის ,ფერის ან სიდიდის, ტემპერატურის ან კიდევ სხვა თვისებების განყენებას მათი მატარებელი საგნის წარმოდგენის გარეშე.

· განმაზოგადებელი – ნამდვილი აბსტრაქცია, რომელიც გულისხმობს საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელ საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფას და ამ ზოგადის კონკრეტული საგნის გარეშე გააზრებას. განმაზოგადებელი აბსტრაქცია ეყრდნობა საგანთა შედარებას და მათ შორის მიმართების წვდომას. საგნებს შორის დამოკიდებულებაში ხშირად ჩნდება ისეთი თვისებები, რომელიც ცალკე აღებულ საგანში ან მოვლენაში არ ჩანს.

სინთეზი - ეს არის ანალიზის საწინააღმდეგო პროცესი. აზროვნების სინთეზი წარმოადგენს ცალკე აღებული მოვლენის ელემენტების, ნაწილების ან თვისებების და ა. შ გაერთიანებას ერთი მთლიანი შინაარსის სახით.

მასში იგულისხმება:


· ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად.

· ჰიპოთეზის წამოყენება.

· შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა.

· პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება.

· პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა.

· ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.


გამოყენებული ლიტერატურა: იმედაძე ი. "ფსიქოლოგიის საფუძვლები", 2007.

21 views
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now