Search

იპოქონდრია



იპოქონდრია - ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აკვიატებული შიშები. ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას რაიმე სერიოზული დაავადება სჭირს. ხდება ფიქსაცია უარყოფით შეგრძნებებზე და ფიზიკურ ტკივილზე. შიშები ძირითადად სიცოცხლისთვის საშიშ დიაგნოზს უკავშირდება. ადამიანი ფაქტიურად უსაფრდება საკუთარ თავს, სხეულს, და ახდენს სხეულის ნორმალური შეგრძნებების არასწორ ინტერპრეტაციას.


ტერმინი იპოქონდრია ერთ-ერთ უძველეს სამედიცინო ტერმინს წარმოადგენს. მას თავდაპირველად იყენებდნენ ისეთი აშლილობების აღსაწერად, რომლებიც, როგორც ეს მაშინ ითვლებოდა, გამოწვეულია ნეკნქვეშა არეში მდებარე ორგანოების დაავადებით. მას შემდეგ ამ ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ. დღეს, DSM-IV-სა და ICD-10-ში იპოქონდრია განსაზღვრულია, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება დარწმუნებულია, რომ ის გარკვეული დაავადებით არის დასნებოვნებული (და, ამის გამო, შიშითაა შეპყრობილი), რაც სათანადო სამედიცინო გამოკვლევებით არ დასტურდება. DSM-IV-ში იპოქონდრია აღწერილია როგორც:

მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი შეპყრობილია შიშით ან დარწმუნებულია, რომ სერიოზული დაავადება სჭირს. პაციენტის მდგომარეობა იმითაა გამოწვეული, რომ ის შეგრძნებების ფიზიკურ ნიშნებს სომატურ დაავადებას მიაწერს. პაციენტის ფიზიკური ჯანმრთელობის სათანადო გამოკვლევა არ ადასტურებს ისეთი სომატური დაავადების არსებობას, რომლითაც შეიძლება აიხსნას ეს ფიზიკური ნიშნები და შეგრძნებები და პაციენტის მიერ მათი არაადეკვატური ინტერპრეტაცია. ამგვარი შიში და რწმენა მყარია მიუხედავად საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებებისა.

იპოქონდრიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ისეა შერჩეული, რომ გამორიცხავს პანიკური აშლილობისა და ბოდვითი იდეების არსებობას. ამ კრიტერიუმების მიხედვით, პიროვნებას სიმპტომები მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე უნდა აღენიშნებოდეს. არსებობს ერთგვარი გაურკვევლობა ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც ექვს თვეზე ნაკლები ხანგრძლივობისაა; ან იპოქონდრიული პიროვნული აშლილობის დიფერენცირებისას; ან იმასთან დაკავშირებით, უნდა შედიოდეს თუ არა ავადმყოფობის შიში (ნოზოფობია) მოცემულ კატეგორიაში.


ეპიდემიოლოგია


იპოქონდრიული აშლილობის გავრცელების სიხშირის დადგენას ართულებს შეფასების აპრობირებული სტანდარტიზებული მეთოდების არარსებობა. პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებებში ჩატარებული ზოგიერთი კვლევის მიხედვით ამ აშლილობის გავრცელების სიხშირე დაახლოებით 5%-ს უდრის, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ჩატარებული მულტიცენტრული გამოკვლევის მიხედვით - მხოლოდ 0.8%-ს (Gureje et al., 1997a). ნაკლებად მკაცრი დეფინიციის გამოყენებისას გავრცელების სიხშირემ 2.2% შეადგინა. ასეთი დეფინიცია არ ითვალისწინებს კრიტერიუმს - „საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებების მუდმივი უარყოფა”, მაგრამ მასში შენარჩუნებულია ტრიადა: წუხილი ავადმყოფობის გამო, მასთან დაკავშირებული დისტრესი და ექიმებთან განმეორებითი ვიზიტები. იპოქონდრიული აშლილობის დროს ხშირია კომორბიდობა დეპრესიულ და შფოთვით აშლილობებთან. ეპიდემიოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Simon (2000).



მიზეზები


იპოქონდრიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ფიზიოლოგებმა გამოყვეს რამოდენიმე მიზეზი:


· თავის ტვინის ქერქის მუშაობის დარღვევა;


· თავის ტვინის ქერქის მიერ შინაგანი ორგანოების იმპულსების დარღვევით აღქმა;


· ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციის დარღვევა.


აღნიშნული აშლილობის მქონე პირები ხშირად საუბრობენ, რომ აქვთ ესა თუ ის დაავადება, განსაკუთრებით განუკურნებელი სენი. იპოქონდრია ხშირად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ექცევიან მასმედიის ან სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ.

სიმპტომები

დაავაებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:


· შფოთვა;


· ეჭვიანობა;


· ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ანალიზი;


· ავადმყოფობაზე ეჭვი და შიში მძაფრდება სატელევიზიო გადაცემების ან ექიმებთან გასაუბრების შემდეგ;


· მარტივ ტკივილზე ან დისკომფორტზე მწვავე რეაქცია;


· იდეალური ჯანმრთელობის მიღწევის მცდელობა (დიეტები, ფიზიკური ვარჯიში, ვიტამინებისა და ბიოდანამატების მიღება);


· სუიციდის ხშირი მცდელობები (აკვიატებული იპოქონდრიის დროს);


· ჰალუცინაციები;


· ბოდვა;


· დეპრესია.



საშიშროება


იპოქონდრია საშიშია იმით, რომ ბოდვით სტადიაში შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს (სუიციდი, ტრავმები და ა.შ.). სწორედ ამიტომ, თუ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მისთვის საჭიროა დახმარების აღმოჩენა ახლობლებისა და ექიმების მხრიდან. დროული რეაგირებისას მკურნალობის შედეგი დადებითია.



პროფილაქტიკა


რეკომენდირებულია:


· ჯანმრთელობაზე ზრუნვა;


· კომფორტული ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა;


· სატელევიზიო გადაცემებზე და სტატიების კითხვაზე უარის თქმა, რომელბიც ეხება განუკურნებელ დაავადებებს.

წყარო: "ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში"

18 views0 comments
This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now